LIVE

ევროპული სატელიტები ბუნებრივი კატასტროფების პროგნოზირებას შეძლებენ

18 იან 202112:15
3 წუთის საკითხავი
clock clock 982
ევროპული სატელიტები ბუნებრივი კატასტროფების პროგნოზირებას შეძლებენ
Patricia De Melo Moreira/AFP via GEtty Images

ევროკავშირი კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ბუნებრივი კატასტროფების მენეჯმენტში ლიდერი ხდება. ახალი ტექნოლოგია ხმელეთსა და წყალში ერთი კილომეტრის სიღრმეზე მიმდინარე ცვლილებებზე ინფორმაციის მოპოვების შესაძლებლობას იძლევა, რაც სპეციალისტებს ბუნებრივი კატასტროფების წინასწარ პროგნოზირების საშუალებას მისცემს.

მონაცემებს ევროკავშირის დაფინანსებული პროგრამა „Destination Earth”-ის სატელიტები შეაგროვებენ და დედამიწის ზუსტ სიმულაციას შექმნიან. ნოემბერში, ევროკავშირმა უკვე გაუშვა სატელიტი NASA-ს მიერ მხარდაჭერილი Space X-ის რაკეტით, რომელიც წყლის დონეს მილიმეტრებით აკონტროლებს. ახალი პროექტებით სავარაუდოდ მტკნარი წყლის ნაკადის და სათბურებიდან გამოყოფილი გაზების მონიტორინგიც იქნება შესაძლებელი.

European Space Agency (ESA)-ს დირექტორის თქმით, დედამიწის პირველი სიმულაცია, ხელოვნური ინტელექტის და ე.წ სუპერკომპიუტერების გამოყენებით სავარაუდოდ 2028 წლისთვის იქნება მზად. ESA-ს ახლანდელი სეზონური პროგნოზები, გრძელვადიანი ინვესტირებისთვის არც ისე გამოსადეგია, რადგან კონკრეტული შტორმების და სხვა ბუნებრივი მოვლენების შესახებ ინფორმაციას არ მოიცავს. თუმცა, ევროკავშირის ამ 8 მილიარდიანმა პროექტმა შესაძლოა დედამიწას ბუნებრივი კატასტროფები თავიდან აარიდოს და ბიზნესმენებს გრძელვადიან ინვესტიციებზე გადაწყვეტილების მიღება გაუმარტივოს.

Munich Re-ს დაანგარიშებით, შტორმებით, ხანძრებით და წყალდიდობებით გამოწვეულმა ზარალმა 2020 წელს გლობალურად, მხოლოდ დაზღვეულთათვის 210 მილიარდი დოლარი შეადგინა და 8200-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ამ რიცხვების ზრდა კიდევ მოსალოდნელია, რადგან პლანეტა 1.5 გრადუსიან დათბობის  ნიშნულს უახლოვდება, რაც წყლის დონეს გაზრდის და ძლიერ შტორმებს გამოიწვევს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჯონათან თირონე