LIVE

ნარმანია: სვანეთში ელექტროენერგიის საფასური ყველამ უნდა გადაიხადოს

29 დეკ 202112:14
3 წუთის საკითხავი
clock clock 1016
ნარმანია: სვანეთში ელექტროენერგიის საფასური ყველამ უნდა გადაიხადოს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარის დავით ნარმანიას განცხადებით, თუ სვანეთში უკანონო მაინინგის პრობლემა არ აღმოიფხვრება, „ენერგოპროს“ რეგიონისათვის ელექტროენერგიის უწყვეტ რეჟიმში მიწოდება გაუჭირდება. მისი თქმით, უკანონო მაინერები უნდა გაითიშოს და საჭიროების შემთხვევაში, დაყადაღდეს კიდეც.

ამასთან, ნარმანიას აუცილებლად მიაჩნია, რომ სვანეთში ელექტროენერგიის საფასური ყველამ გადაიხადოს. 

„17-18 მეგავატია ბოლო პერიოდში ელექტროენერგიის მოხმარება მესტიის მუნიციპალიტეტში. ეს ჯამურად სამი მეზობელი მუნიციპალიტეტის მოხმარებას აღემატება. შესაბამისად, საჭიროა რეაგირება უკანონო მაინინგის შესაზღუდად. ობიექტები რომლებსაც ყველაზე მეტად სჭირდებათ ელექტროენერგია, პირველ რიგში ტურისტულ ობიექტებს ვგულისხმობ, ამ მაინინგის გამო დენის გარეშე რჩებიან. ელექტროენერგიის ფული ყველამ უნდა გადაიხადოს. ფულის გადახდის გარეშე „ენერგოპროს“ ვერ მოვთხოვთ უწყვეტად მიაწოდოს ელექტროენერგია მოსახლეობას“,- აცხადებს ნარმანია.

ცნობისთვის, მესტია ზამთრის ტურისტულ სეზონს ელექტროენერგიის მიწოდების გრაფიკით ხვდება, რისი მიზეზი ადგილობრივების მიერ კრიპტოვალუტის მაინინგისთვის ელექტროენერგიის უკონტროლო მოხმარებაა. რეგიონი, რომელსაც საყოფაცხოვრებო მოხმარებისთვის სულ 7 მეგავატი ელექტროენერგია სჭირდება, რეალობაში 4-ჯერ მეტს მოიხმარს. მესტიის მუნიციპალიტეტში აცხადებენ, რომ რეგიონში ელექტროენერგიის მოხმარება 237%-ით არის გაზრდილი. სვანეთში აქტიური მაინინგის მიზეზი ისაა, რომ მოსახლეობა ელექტროენერგიის საფასურს არ იხდის.