
„კოკა-კოლას“ მწარმოებელმა ამერიკულმა კომპანია The Coca-Cola Company-მ სასაქონლო ნიშანთან დაკავშირებული დავა მოიგო.
კერძოდ, Coca-Cola-ს გასაჩივრებული ჰქონდა საქპატენტის მიერ კომპანია GRUPO CACAOLAT-ის სასაქონლო ნიშნის Cacaolat-ის რეგისტრაციის გადაწყვეტილება. საქპატენტის განცხადებით, The Coca-Cola Company-მ დაასაბუთა, რომ საქართველოში მისი სასაქონლო ნიშანი საყოველთაოდ ცნობილია, აქვს კარგი რეპუტაცია და სადავო ნიშნის გამოყენება ესპანურ კომპანიას დაუმსახურებლად შეუქმნიდა ხელსაყრელ პირობებს, კოკა-კოლას სასაქონლო ნიშნის რეპუტაციას კი ზიანს მიაყენებდა.
საქპატენტის ინფორმაციით, საქმის განხილვისას სააპელაციო პალატის კოლეგიამ დაადგინა, რომ ნიშნებს შორის არსებობს ვიზუალური და ფონეტიკური მსგავსებები, რაც საყოველთაოდ ცნობილობის გათვალისწინებით მათ შორის აღრევას გამოიწვევდა.
„კოლეგიის გადაწყვეტილებით ნიშანი Cacaolat-ი, მომხმარებელს ადვილად მოაგონებს სასმელს კოკა-კოლა და დაადგენს კავშირს ამ ორ ნიშანს შორის. შესაბამისად, ესპანური კომპანიის სასაქონლო ნიშნის - Cacaolat რეგისტრაცია გაუქმდა, Coca-Cola კი - აღიარებულ იქნა საყოველთაოდ ცნობილ ნიშნად“,- აცხადებენ საქპატენტში.