
სამხრეთ კორეის მთავრობა ყოფილ პრეზიდენტს, პარკ გეუნ ჰეს შეიწყალებს და ციხიდან გაათავისუფლებს. ექსპრეზიდენტმა კორუფციისთვის 22 წლიანი სასჯელის გამო გისოსებს მიღმა თითქმის ხუთი წელი გაატარა. გადაწყვეტილების მიზეზი ეროვნული შერიგების მიღწევა გახდა.
ის ციხეს 31 დეკემბერს დატოვებს. “ეროვნული შერიგების თვალსაზრისით, ყოფილი პრეზიდენტი პარკ გეუნ ჰე, რომელიც იხდის ხანგრძლივ სასჯელს, მიიღებს სპეციალურ შეწყალებას”,- ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში.
კიდევ ერთი ყოფილი კონსერვატიული პრეზიდენტი, ლი მიუნ-ბაკი, რომელიც ქრთამის აღების გამო იხდის სასჯელს, არ მოხვდა შეწყალებულთა სიაში.
“ჩვენ უნდა დავძლიოთ წარსულის ტკივილი და წინ წავიწიოთ, ახალ ეპოქაში. უპირველეს ყოვლისა, საჭიროა ეროვნული ერთობა”,- ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.
ამ დრომდე პრეზიდენტი პარკ გეუნ ჰეს შეწყალების საკითხს არ განიხილავდა.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჯონ-ჰო ლი