LIVE

საქართველოში წარმოებული ჭკვიანი ბეჭდები აშშ-სა და ევროპაში - "კნიკის" გეგმები

22 დეკ 202119:25
3 წუთის საკითხავი
clock clock 1770
საქართველოში წარმოებული ჭკვიანი ბეჭდები აშშ-სა და ევროპაში - "კნიკის" გეგმები

კომპანია „კნიკი“ საბანკო ბარათის ფუნქციის მქონე ჭკვიანი ბეჭდით აშშ-ის ბაზარზე შესვლას ახლო მომავალში გეგმავს. კომპანიის თანადამფუძნებლის დავით კვიციანის განცხადებით, ამ მიზნით ამერიკულ ფინანსურ ინსტიტუტებთან თანამშრომლობა დაწყებულია. ამასთან, საგადამხდელო ფუნქციის მქონე ჭკვიანი ბეჭდები ევროპელი მომხმარებლებისთვის უკვე 3 თვეა ხელმისაწვდომია.

„პირველ რიგში ვგეგმავთ, რომ აქტიურები ვიყოთ გერმანიის ბაზარზე. თუმცა ჩვენს ქსელში დაინტეგრირებული ბანკები ოპერირებენ როგორც სკანდინავიის ქვეყნებში, შვედეთში, ფინეთში, ნორვეგიაში, ისე ბელგიასა და ევროპის 10-მდე სხვა ქვეყანაში. ამ ქსელს ვაფართოებთ და ვცდილობთ, რაც შეიძლება მეტი ბანკი დავაინტეგრიროთ. „კნიკი“ საგადამხდელო ტექნოლოგიებიდან უახლესს იყენებს. ეს არის ტოკენიზაცია, რაც გულისხმობს, რომ ბეჭედში ბარათის სენსიტიური ინფორმაცია არ ინახება. შემთხვევითობის პრინციპით გენერირებული კოდი იწერება, რომლის დეაქტივირება, ისე, რომ ბარათი არ დაიბლოკოს, ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი. თუ ბარათს პრობლემა შეექმნება, ან მომხმარებელი არსებული ბარათის შეცვლას გადაწყვეტს, შესაძლებელია ბეჭედთან სხვა ბარათის დაკავშირება“,- აღნიშნა დავით კვიციანმა "ბიზნეს ფორმულას" ეთერში. 

„კნიკში“ აცხადებენ, რომ ჭკვიან ბეჭედს, რომლის წარმოებაც კომპანიამ 4-5 წლის წინ დაიწყო, ეტაპობრივად ბევრი ახალი ფუნქცია დაემატება. ამჯერად კი ბეჭდის გამოყენება შესაძლებელია უკონტაქტო გადახდებში საკრედიტო ბარათის ნაცვლად, ბეჭდით ასევე შესაძლებელია Tesla-ს ავტომობილის გაღება და ა.შ.

Tesla-ს გასაღების ფუნქციის მქონე ბეჭდის წარმოება კომპანიამ 2019 წელს დაიწყო და ის აშშ-ში დიდი პოპულარობით სარგებლობს.

„იქიდან გამომდინარე, რომ ბაზარზე პირველები ვიყავით, როგორც კი პროდუქტი გავუშვით, Tesla-ს მომხმარებლებში დიდი დაინტერესება გამოიწვია. პროდუქციის გაყიდვების ზრდის სტიმულირება სწორედ კმაყოფილი მომხმარებლების მეშვეობით მოხდა“,- ამბობს დავით კვიციანი.

„კნიკის“ ჭკვიანი ბეჭდების მომხმარებელთა რაოდენობა ამ ეტაპზე 10 ათასს აღემატება. როგორც კომპანიაში აცხადებენ, პროდუქციის რეალიზაციის მაჩვენებელი სწრაფი ტემპით იზრდება. კომპანია ახლო მომავალში ინვესტიციის მოზიდვასა და წარმოების გაფართოებას გეგმავს.