
საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომხმარებლებისთვის ულიმიტო მგზავრობის სისტემა 2022 წლის პირველი თებერვლიდან ამოქმედდება და შეიქმნება შესაბამისი ტიპის ბარათები, რომელთა აღება ნებაყოფლობითი იქნება.
როგორც კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, უშუალოდ აბონემენტების შეძენა 5 იანვრიდან დაიწყება და შესაძლებელი იქნება თბილისის მეტროს სალაროებსა და „საქართველოს ბანკის“ ექსპრეს ფილიალებში.
ბარათების ფასი 1 ლარიდან 250 ლარამდეა, კერძოდ:
- ულიმიტო 90-წუთიანი ბარათი -1 ლარი;
- ულიმიტო 1-დღიანი ბარათი - 3 ლარი;
- ულიმიტო 1-კვირიანი ბარათი - 20 ლარი;
- ულიმიტო 1-თვიანი - 40 ლარი;
- ულიმიტო 3-თვიანი ბარათი - 100 ლარი;
- ულიმიტო 6-თვიანი ბარათი - 150 ლარი;
- ერთწლიანი ბარათი - 250 ლარი.
„ რეფორმებს და განახლებულ სატრანსპორტო სისტემას, რა თქმა უნდა, სჭირდება გადახდის სისტემის განახლებაც. ულიმიტო, 90-წუთიანი ბარათი (ერთი ლარი) - იმ ადამიანებს, რომლებიც ხშირად არ მგზავრობენ საზოგადოებრივ ტრანსპორტს და არ სჭირდებათ შეღავათიან ფასში ხანგრძლივვადიანი ბარათის შეძენა, 90 წუთის განმავლობაში, ერთ ლარად შეეძლებათ ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობა - მეტრო, ავტობუსი, მიკროავტობუსი, სადაც გადაჯდომისას, 90 წუთის განმავლობაში, დამატებით თანხას არ გადაიხდიან; ულიმიტო, ერთდღიანი ბარათი (სამი ლარი) - ერთდღიანი ბარათის მფლობელს შეეძლება, მთელი დღის განმავლობაში, ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით იმგზავროს მხოლოდ სამ ლარად; ულიმიტო, ერთკვირიანი ბარათი (20 ლარი) - ერთკვირიანი ბარათის მფლობელს შეეძლება, მთელი კვირის განმავლობაში, ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა 20 ლარად. ეს ბარათი ძირითადად, ტურისტებზეა გათვლილი“,- განაცხადა დედაქალაქის მერმა.