თბილისის მიწისზედა მეტროს პროექტი, რომლითაც 200 ათასამდე მგზავრს უნდა ესარგებლა, ჯერჯერობით არ განხორციელდება. მიზეზად პანდემიის ფონზე მუნიციპალურ ტრანსპორტში მგზავრთნაკადის შემცირება სახელდება.
თბილისის მერიაში ირწმუნებიან, რომ პროექტი სრულად არ გაჩერდება და მიწისზედა მეტრო მოგვიანებით აშენდება. აღსანიშნავია, რომ მიწისზედა მეტროს მშენებლობა 2019 წელს უნდა დაწყებულიყო და ექსპლუატაციაში მიმდინარე წელს შესულიყო.
"ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა დავასრულეთ. კვლევის შედეგად ძირითადი მონაცემები მივიღეთ, რომლის მიხედვითაც, გადაწყვეტილებების მიღება შესაძლებელია. გარკვეულ პერიოდში ეს პროექტი განსახორციელებელია და ამას მუნიციპალიტეტი გააკეთებს, იმ დანახარჯებისა და მოთხოვნის მიხედვით, რაც იმ კონკრეტულ მომენტში იქნება. დღევანდელი მდგომარეობით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოხმარება მკვეთრად შემცირებულია, შესაბამისად, პირადად მე, დღეს არ მივიღებდი გადაწყვეტილებას, რომ დაგვეწყო ამ პროექტის განხორციელება",- აცხადებს თბილისის ვიცე-მერი, ირაკლი ხმალაძე.
თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, 2021 წელს საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრთა ნაკადის შემცირება რამდენჯერმე გაჩერებულ ტრანსპორტსა და სხვადასხვა შეზღუდვას უკავშირდება.
კომპანიის მიერ "ბიზნეს ფორმულასთვის" მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, შეზღუდვების მოხსნის შემდეგ, ივნისში მხოლოდ მეტროთი 8 871 287 მგზავრობა განხორციელდა, რაც 2019 წლის შესაბამის მაჩვენებელზე 2 924 474-ით ნაკლებია. თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, წლის ბოლოსთვის მგზავრების რაოდენობა გაიზარდა, თუმცა პანდემიამდელ ნიშნულთან შედარებით მაინც დაბალია.
თუ 2019 წლის ოქტომბერში მეტროპოლიტენით 13 516 659 მგზავრი გადაადგილდა, მიმდინარე წლის ოქტომბერში მათი რაოდენობა 8 972 795-მდე შემცირდა. ნოემბერში კი რაოდენობა 9 158 312-მდე გაიზარდა.