
რუსეთმა ნატოს უსაფრთხოების მოთხოვნების პროექტი გამოაქვეყნა, რომლის თანახმად, ალიანსმა უარი უნდა თქვას უკრაინისა და სხვა ყოფილი საბჭოთა ქვეყნების წევრობაზე და შეამციროს სამხედრო განლაგება ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში - თამამი ულტიმატუმები, რომელთა მიღებაზე აშშ და მოკავშირეები სავარაუდოდ უარს იტყვიან.
წინადადებები, რომლებიც წარედგინა შეერთებულ შტატებსა და მის მოკავშირეებს მიმდინარე კვირის დასაწყისში, ასევე ითვალისწინებს ნატოს სამხედრო წვრთნების შეჩერებას რუსეთის მახლობლად.
წერილობითი გარანტიის მოთხოვნა, რომ უკრაინას არ შესთავაზებენ გაწევრიანებას, უკვე უარყო დასავლეთმა და ხაზი გაუსვა, რომ კრემლს არ აქვს უფლება, ჩაერიოს ნატოს გაფართოების საკითხში.
ნატოს გენერალურმა მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოსკოვთან უსაფრთხოების მოლაპარაკებას ალიანსის შეშფოთების გათვალისწინება და უკრაინისა და სხვა პარტნიორების ჩართვა სჭირდება. თეთრმა სახლმა ასევე განაცხადა, რომ განიხილავს წინადადებებს აშშ-ს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან, მაგრამ აღნიშნა, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება, თავად განსაზღვროს საკუთარი მომავალი გარე ჩარევის გარეშე.
მოთხოვნების გამოქვეყნება ხდება უკრაინის საზღვარზე რუსული ჯარების მობილიზების გამო მზარდი დაძაბულობის ფონზე, რამაც სამხედრო ინტერვენციის შიში გამოიწვია. მოსკოვი უკრაინაზე თავდასხმის გეგმას უარყოფს, მაგრამ სურს იურიდიული გარანტიები, რომ ნატო მის საზღვრებთან არ გაფართოვდება.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა განაცხადა, რომ ურთიერთობები აშშ-სთან და ნატოსთან “საშიშ ზღვარს” მიუახლოვდა და ალიანსის განლაგება და წვრთნები რუსეთის მახლობლად საფრთხეს უქმნის მის უსაფრთხოებას.
ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ მოსკოვთან ნებისმიერი დიალოგი "უნდა ეფუძნებოდეს ევროპის უსაფრთხოების ძირითად პრინციპებს”.
სტოლტენბერგმა დასძინა, რომ “თუ რუსეთი კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამს დაძაბულობის შესამცირებლად, ალიანსი მზად არის იმუშაოს ნდობის აღდგენის ღონისძიებების გაძლიერებაზე”.
თეთრი სახლის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ ადმინისტრაცია მზად არის, განიხილოს მოსკოვის შეშფოთება ნატოს შესახებ მოლაპარაკებებში, მაგრამ “პროგრესი მოლაპარაკებების მაგიდასთან, რა თქმა უნდა, უნდა მოხდეს დეესკალაციის და არა ესკალაციის პირობებში. ძალიან რთულია შეთანხმებების მიღწევა, თუ გავაგრძელებთ ესკალაციის ციკლს”.