LIVE

Amazon და Uber ჯო ბაიდენის ინაუგურაციის სპონსორები გახდნენ

16 იან 202111:07
3 წუთის საკითხავი
clock clock 350
Amazon და Uber ჯო ბაიდენის ინაუგურაციის სპონსორები გახდნენ
Alex Wong/Getty Images

Amazon და Uber ჯო ბაიდენის ინაუგურაციის ცერემონიალის სპონსორ კომპანიებს შეუერთდნენ. ინაუგურაციის სპონსორთა ჩამონათვალში ასევე არიან ისეთი კომპანიები, როგორებიცაა Google, Microsoft. Qualcomm, Comcast, Charter Communications, Boeing, Anthem და Verizon Communications.

ინაუგურაციის კომიტეტმა 3 184 ახალი დონორის სახელი გაასაჯაროვა. ამ ჩამონათვალში არიან კერძო პირები, კომპანიები, პროფკავშირები და პოლიტიკური კომიტეტები. მათ ცერემონიალის დასაფინანსებლად სულ მცირე 200 დოლარი გაიღეს, მაგრამ კერძო პირების მიერ ჩარიცხული თანხები არ გამოქვეყნებულა. 

კომიტეტს არ მოეთხოვება თანხების სრული ჩამონათვალის გამჟღავნება ინაუგურაციიდან 90 დღის განმავლობაში, მაგრამ ის ინფორმაციას ნებაყოფლობით, გამჭვირვალობის მიზნით ავრცელებს.

ბაიდენის კომიტეტის შემოწირულობები მოკრძალებული ცერემონიალისთვის დაიხარჯება, რადგან პანდემიისა და უსაფრთხოების ზომების გათვალისწინებით ინაუგურაცია ვირტუალურად ჩატარდება.

ბაიდენმა და არჩეულმა ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა - ისევე როგორც კოლუმბიის ოლქის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა - ამერიკელებს სთხოვეს, 20 იანვარს სახლში დარჩნენ და ასე აღნიშნონ ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: გრეგორი კორტე