LIVE

თვალაბეიშვილი: იმედი გვაქვს, გაზსაცავის მშენებლობა მომავალ წელს დაიწყება

13 დეკ 202118:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 984

ეკონომიკის მინისტრის მოადგილე დავით თვალაბეიშვილი აცხადებს, რომ გაზსაცავის მშენებლობის პირველი ფაზა, სავარაუდოდ მომავალ წელს დაიწყება. როგორც თვალაბეიშვილმა „ბიზნეს ფორმულას“ განუცხადა, პანდემიის გამო პროექტის თანხები სხვა მიმართულებით დაიხარჯა და მხოლოდ 30 მილიონი ევროა დარჩენილი, თუმცა ის დარწმუნებულია, რომ მთავრობას საჭირო თანხის მოძიება არ გაუჭირდება.

„გაზსაცავის მშენებლობაზე დიდი ხანია მიდის საუბარი. 2019 წელს მოპოვებული იყო 250 მილიონი ევროს დაფინანსება. პანდემიის გამო, ამ თანხის გადამისამართება მოხდა სხვა საჭიროებებზე. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ პროექტი არ განხორციელდება. ნავთობისა და გაზის კორპორაცია ცდილობდა დონორების მოძიებას. მომავალი წლიდან ვაპირებთ გააქტიურებას ამ მიმართულებით და იმედი გვაქვს, რომ გაზსაცავის მშენებლობის პირველი ფაზა, რაც რამდენიმე ჭაბურღილის გაბურღვას და საინჟინრო პროექტის დასრულებას გულისხმობს, მომავალი წლისთვის განხორციელდება“,- აცხადებს თვალაბეიშვილი.

მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობა თბილისთან ახლოს, სამგორის სამხრეთი თაღის დაცლილ, დამუშავებულ ნავთობის საბადოზე იგეგმება, სადაც 300 მილიონ კუბურ მეტრამდე გაზის შენახვა იქნება შესაძლებელი. გაზსაცავის მშენებლობის ვადებმა არაერთხელ გადაიწია.