LIVE

რუსეთი: ნატომ უნდა გააუქმოს უკრაინისა და საქართველოს წევრობის დაპირება

11 დეკ 202112:25
3 წუთის საკითხავი
clock clock 991
რუსეთი: ნატომ უნდა გააუქმოს უკრაინისა და საქართველოს წევრობის დაპირება
REUTERS

რუსეთი მოითხოვს, ნატომ გააუქმოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე აღებული ვალდებულება საქართველოსა და უკრაინის ალიანსში გაწევრიანების შესახებ. საგარეო საქმეთა სამინისტრო ასევე ელის ნატოს დაპირებას, რომ არ განათავსებს რაკეტებს მოსაზღვრე ქვეყნებში, რაც საფრთხეს უქმნის რუსეთის უსაფრთხოებას.

განცხადებაში ნახსენებია მოთხოვნები უსაფრთხოების გარანტიებზე. ის მოიცავს წინადადებებს რეგულარული თავდაცვითი დიალოგის დასამყარებლად და სამხედრო თვითმფრინავებსა და სამხედრო ხომალდებს შორის კონტაქტის თავიდან აცილებას.

უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებაზე რუსეთის ვეტოს მოთხოვნა არის ის, რასაც ვაშინგტონი და კიევი კატეგორიულად გამორიცხავენ.

სტოლტენბერგი: მხოლოდ უკრაინას შეუძლია განსაზღვროს საკუთარი მომავალი

მიუხედავად რუსეთის მცდელობისა გააკონტროლოს მისი მეზობლები, უკრაინის გარდა ვერავინ გადაწყვეტს, სურს თუ არა მას ნატოში გაწევრიანება. განცხადება ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა გააკეთა.

“რუსეთი ცდილობს აღადგინოს გავლენის სფეროები, სადაც სურს გააკონტროლოს მეზობლები”, - განაცხადა სტოლტენბერგმა პარიზში გამართულ პრესკონფერენციაზე საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ჟან-ივ ლე დრიანთან და თავდაცვის მინისტრ  ფლორენს პარლთან შეხვედრის შემდეგ. სხვა საკითხებთან ერთად, განხილვის მთავარი თემა უკრაინისა და ნატოს საზღვრებთან რუსეთის სამხედრო მობილიზება იყო.

“ევროპის ყველა ერს აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი გზა და ეს მოიცავს უკრაინასაც”, - ასე უპასუხა სტოლტენბერგმა კითხვას უკრაინის ნატოში გაწევრიანების შესაძლებლობის შესახებ.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა, როგორც სუვერენული და დამოუკიდებელი ქვეყანა, “თავისუფალია გადაწყვიტოს, მიისწრაფოდეს თუ არა ნატოს წევრობისკენ, შემდეგ კი 30 მოკავშირის გადასაწყვეტია, როდის იქნება უკრაინა მზად, შეუერთდეს მათ ოჯახს. მხოლოდ უკრაინას აქვს უფლება, განსაზღვროს საკუთარი მომავალი”.

ლე დრიანმა შეახსენა რუსეთს, რომ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიას “მასობრივი სტრატეგიული შედეგები” მოჰყვება. სტოლტენბერგმა რუსეთს დეესკალაციისკენ, უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემისკენ და დიპლომატიასთან დაბრუნებისკენ მოუწოდა.