LIVE

ბაიდენის დიპლომატია პუტინთან სახიფათოა - ილაი ლეიკის მოსაზრება

11 დეკ 202113:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 706
ბაიდენის დიპლომატია პუტინთან სახიფათოა - ილაი ლეიკის მოსაზრება
ANATOLII STEPANOV/AFP

შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ დიდი ძალისხმევა გასწია, რათა ეჩვენებინა სიმკაცრე უკრაინის საზღვარზე რუსული სამხედრო ძალების მობილიზების ფონზე. ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს განუცხადა, რომ სამხედრო ინტერვენციის ბრძანების გაცემის შემთხვევაში, აშშ მზად არის რუსეთზე ეკონომიკური წნეხის გაზრდისთვის ისე, როგორც მას “არასდროს უნახავს”.

ეკონომიკური ზომები სავარაუდოდ მოიცავს რუსეთის ამოღებას Swift-ის სისტემიდან საერთაშორისო ელექტრონული გადახდებისთვის და სანქციების ხელახლა დაწესებას კომპანიებზე, რომლებიც მუშაობენ Nord stream 2-ის მილსადენის მშენებლობაზე. ბაიდენმა ასევე გამოხატა მზაობა, მიაწოდოს დამატებითი შეიარაღება უკრაინას ნატოს მოკავშირეების თავდაცვის გასაძლიერებლად. 

ჯერ კიდევ გასარკვევია, აიძულებს თუ არა ეს პუტინს, შეიკავოს თავი უკრაინაში შეჭრისგან, მაგრამ მაშინაც კი, თუ ასე მოხდება, პუტინს ჯარების მობილიზებამ უკვე მოუტანა გარკვეული დათმობები: ბაიდენმა შესთავაზა პუტინს ის, რასაც თეთრი სახლი “დიპლომატიურ გარღვევას” უწოდებს. 

ჯეიკ სალივანმა, ბაიდენის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ეს ცვლილებები შეაფასა, როგორც 2014 და 2015 წლების მინსკის შეთანხმებების საფუძველზე დაფუძნებული სამშვიდობო პროცესის მხარდაჭერა და პუტინის მოწვევა ნატოსთან კონსულტაციებისთვის ალიანსთან დაკავშირებით მისი შეშფოთების შესახებ. 

“დიპლომატიურ გარღვევას” შეუძლია დაარწმუნოს პუტინი, რომ შეუძლია დიპლომატიური გზით შელახოს უკრაინის სუვერენიტეტი. რუსეთის პრეზიდენტმა უკვე მოახდინა ზეწოლა ბაიდენზე, როდესაც მოითხოვა გარანტია, რომ აშშ შეეწინააღმდეგება უკრაინის ნატოში გაწევრიანებას. პუტინის დიპლომატები ასევე მხარს უჭერენ მინსკის შეთანხმებების ინტერპრეტაციას, რომელიც რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტებს ლუგანსკსა და დონეცკში  თითქმის სრულ ავტონომიას მისცემს ცენტრალური ხელისუფლებისგან და უარყოფენ რუსეთის ჩართულობას ამ რეგიონებში.

კურტ ვოლკერმა, რომელიც აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წარმომადგენელი იყო უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში, მიიჩნევს, რომ მინსკის შეთანხმებების ინტერპრეტაციით, რუსეთს მოუწევს საკუთარი ძალების გაყვანა და უკანონო მილიციის დემონტაჟი, ხოლო უკრაინა მიანიჭებდა ლუგანსკსა და დონეცკს განსაკუთრებულ პოლიტიკურ სტატუსს. რუსეთის შეხედულება შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესახებ “ფაქტობრივად ძირს უთხრის უკრაინის სუვერენიტეტს”.

ბაიდენის ადმინისტრაციას საჯაროდ არ გაუკეთებია დეტალური განმარტება, თუ როგორ ხედავს მინსკის შეთანხმებებს, გარდა იმისა, რომ მხარს უჭერს მოლაპარაკებებს და, ზოგადად, უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას. ადმინისტრაცია ასევე იმედოვნებს, რომ გამოიყენებს მოლაპარაკებას უკრაინაში დაძაბულობის შესამცირებლად და შესაძლო ცეცხლის შეწყვეტის ან ნდობის აღდგენის სხვა ზომების მისაღწევად.

მიუხედავად ამისა, ნატოსთან კონსულტაციების შეთავაზება და აშშ-ის ფოკუსირება მინსკის პროცესზე თავისთავად არის დათმობა პუტინისთვის. დასაწყისისთვის, ის ამტკიცებს, რომ რუსეთი ბოლო შვიდი წლის განმავლობაში კეთილსინდისიერად მონაწილეობდა სამშვიდობო მოლაპარაკებებში. 

ევროპაში აშშ-ის სახმელეთო ჯარების ყოფილი მეთაური, გენერალი ბენ ჰოჯესი აცხადებს, რომ რუსეთმა ბოლო წლებში დაარღვია შეთანხმება. რუსეთი დღემდე უარყოფს, რომ მისი ჯარები ლუგანსკსა და დონეცკში იმყოფებიან და აცხადებს, რომ არ შეუძლია განლაგებული ჯარის გაყვანა.

ნატოსთან კონსულტაციებთან დაკავშირებით რუსეთის პოზიცია კარგად არის ცნობილი: კრემლს სურს გარანტიები, რომ უკრაინასა და ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს არასოდეს მიეცემათ ალიანსში გაწევრიანების უფლება. უკრაინის შესაძლო მომავლის შესახებ ნატოში რუსეთთან მაღალი დონის შეხვედრის გამართვა მხოლოდ ახალ ეჭვებს დათესავს იმის შესახებ, რამდენად არის მზად დასავლეთი, წავიდეს რისკზე უკრაინის სუვერენიტეტის დასაცავად. ის ასევე ლეგიტიმაციას მისცემს პუტინის მოთხოვნებს, რომლის მიზანი ალიანსის განადგურება და არა მისი მოთხოვნების დაკმაყოფილებაა.

ბაიდენი ფრთხილად უნდა იყოს: შეერთებულმა შტატებმა და ევროპამ უნდა შეაჩერონ პუტინი და უარი ათქმევინონ მეზობლის წინააღმდეგ ახალი ომის დაწყებაზე, მაგრამ ამ შეკავების ფასი არ შეიძლება იყოს უკრაინის დამოუკიდებლობა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ილაი ლეიკი