LIVE

ბელარუსში გატაცებული Ryanair-ის რეისის ყოფილი დისპეჩერი პოლონეთში გაიქცა

09 დეკ 202117:45
3 წუთის საკითხავი
clock clock 872
ბელარუსში გატაცებული Ryanair-ის რეისის ყოფილი დისპეჩერი პოლონეთში გაიქცა

მიმდინარე წლის ზაფხულში გატაცებული თვითმფრინავის ყოფილი დისპეჩერი ბელარუსიდან პოლონეთში გაიქცა. მასთან ერთად იყვნენ ბელარუსი ბლოგერის, რომან პროტასევიჩის დაკავების ოპერაციის მოწმეებიც. ყოფილმა დისპეჩერმა პოლონეთის საგამოძიებო ორგანოებს გააცნო Ryanair-ის თვითმფრინავის იძულებითი დაშვების დეტალები.

ბელარუსის KGB-ს ოფიცერი აეროპორტის სადისპეჩერო ოთახში

პოლონეთის ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, სტანისლავ ჟარინმა განაცხადა, რომ გამომძიებლებმა მოახერხეს “მინსკის საკონტროლო კოშკზე განხორციელებული ქმედებების პირდაპირი მოწმის ჩვენების მიღება”, რომლის თანახმად, აეროპორტის სადისპეჩერო ოთახში იმყოფებოდა ბელორუსის KGB-ს ოფიცერი, რომელმაც “გადამწყვეტ მომენტში აიღო კონტროლი საჰაერო მოძრაობის კონტროლის სამსახურზე”.

თვითმფრინავის გატაცების მთელი პერიოდის განმავლობაში, ეს ოფიცერი “ინარჩუნებდა უწყვეტ სატელეფონო კონტაქტს ვინმე პირთან, რომელსაც აცნობებდა რა ხდებოდა თვითმფრინავში”.

ყოფილი დისპერჩერის სახელია ოლეგ გალეგოვი და ის ეთნიკურად ქართველია. Ryanair-ის თვითმფრინავთან მომხდარი ინციდენტის დროს მას თვითმფრინავის პილოტისთვის უნდა ეცნობებინა, რომ ბორტზე ბომბი იყო, რის გამოც მფრინავებს უსაფრთხოების მიზნით ვილნიუსში ფრენა უნდა შეეწყვიტათ და ლაინერი მინსკში დაეშვათ”.

პოლონეთში სარჩელი მზადდება

ჩვენება ძირეულად არ ცვლის არსებულ ცნობებს Ryanair-ის ინციდენტის შესახებ, მაგრამ ეხმარება პოლონეთის პროკურატურას, მოამზადოს ბრალდებები ბელარუსის ოფიციალური პირების წინააღმდეგ სასამართლო პროცესისთვის.

ივლისში ბელარუსულმა გაზეთმა Nasha Niva-მ თავის ტელეგრამის არხზე გაავრცელა ინფორმაცია, რომ ოლეგ გალეგოვი მიმდინარე წლის ივნისში შვებულებაში წავიდა და მას შემდეგ აღარ გამოჩენილა. ყოფილ თანამშრომელს კომპანია უშედეგოდ ეძებდა. გაუჩინარების შემდეგ ავიამეთვალყურემ წაშალა მისი ყველა ექაუნთი სოციალურ ქსელებში, მისი ზუსტი ადგილსამყოფელი ამჟამად უცნობია.

თვითმფრინავის გატაცება პროტასევიჩთან ერთად

Ryanair Boeing 737, რომელიც მიფრინავდა ათენიდან ვილნიუსში, სასწრაფოდ დაეშვა მინსკში 23 მაისს. დააკავეს ორი მგზავრი - ბელარუსი ოპოზიციური ბლოგერი რომან პროტასევიჩი და მისი მეგობარი, რუსეთის მოქალაქე სოფია საპეგა. წაყენებული ბრალის თანახმად, მათ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

მოგვიანებით ევროკავშირმა მოუწოდა ევროპულ ავიაკომპანიებს, თავი აარიდონ ბელარუსის თავზე ფრენებს. 5 ივნისს ევროკავშირმა ბელარუსის სახელმწიფო ავიაკომპანიებს სანქციები დაუწესა - მათ ეკრძალებათ ევროკავშირის საჰაერო სივრცითა და აეროპორტებით სარგებლობა. გარდა ამისა, იაპონიამ დახურა საჰაერო სივრცე ბელარუსის ავიახაზებისთვის.