LIVE

ბაიდენისა და პუტინის შეხვედრა - მთავარი თემები და შედეგები

08 დეკ 202113:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 1405
ბაიდენისა და პუტინის შეხვედრა - მთავარი თემები და შედეგები

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დაახლოებით ორი საათის განმავლობაში ისაუბრეს ვიდეოკონფერენციაზე და ცდილობდნენ, განემუხტათ მზარდი სამხედრო კრიზისი უკრაინის საზღვრებთან, სადაც ათიათასობით რუსი ჯარისკაცია თავმოყრილი, რასაც ამერიკელი ოფიციალური პირები ტოტალური თავდასხმისთვის მზადებად აფასებენ.

შეხვედრა ბაიდენის პრეზიდენტობის ერთ-ერთი უდიდესი საგარეო პოლიტიკური გამოცდა იყო, რაც გავლენას ახდენს ევროპის სტაბილურობაზე, ამერიკის სანდოობასა და იმ ქვეყნის მომავალზე, რომლის დაცვასაც შეერთებული შტატები ცდილობდა პუტინისგან.

უკრაინის ბედი კვლავ გაურკვეველია

პრეზიდენტების მოლაპარაკებამ უკრაინის კრიზისი ვერ გადაჭრა. არც კრემლს და არც თეთრ სახლს არ დაუფიქსირებიათ მნიშვნელოვანი პროგრესი. თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ბაიდენმა შესთავაზა პუტინს, არჩევანი გაკეთებინა კრიზისის დიპლომატიურ გადაწყვეტასა და მძიმე ეკონომიკურ და პოლიტიკურ შედეგებს შორის, რაც მოჰყვება რუსეთის შეჭრას უკრაინაში - მაგრამ არ უთქვამს, აიღო თუ არა პუტინმა რაიმე ვალდებულება.

ჯეიკ სალივანის თქმით, ბაიდენმა პუტინს განუცხადა - “მზად ვართ გავაკეთოთ ის, რაც არ გავაკეთეთ 2014 წელს”.

პუტინის პოზიცია მტკიცე და ურყევია

შეაკავებს თუ არა ბაიდენის მუქარა რუსეთის ლიდერს უკრაინაში შეჭრისგან, გაურკვეველია. შეხვედრის კრემლისეული შეფასება აჩვენებს, რომ პუტინმა დაძაბულობა დასავლეთს დააბრალა, რომელიც, მისი თქმით, აძლიერებს სამხედრო შესაძლებლობებს უკრაინაში და მის გარშემო. პუტინმა მოითხოვა იურიდიული გარანტიები, რომ ნატო არ გაფართოვდება აღმოსავლეთით რუსეთის საზღვრებისკენ და არ განათავსებს შეტევითი იარაღის სისტემას უკრაინაში.

მიუხედავად იმისა, რომ კრემლის მტკიცებით, ბაიდენი დათანხმდა პუტინის მოთხოვნებზე დისკუსიების გაგრძელებას, ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა უარყვეს მისი ანალიზი არსებული ვითარების შესახებ და განაცხადეს, რომ არასოდეს გაუციათ რაიმე დაპირება ნატოს შესაძლო გაფართოების შესახებ.

Nord Stream 2 საფრთხის ქვეშ

რუსეთის გერმანიასთან დამაკავშირებელი გაზსადენის ბედი კვლავ რისკის ქვეშაა. რუსულმა კომპანიებმა რამდენიმე წელი დახარჯეს Nord Stream 2-ის გაზსადენის მშენებლობაზე გერმანიაში. პროექტს ბაიდენის ადმინისტრაცია ეწინააღმდეგება, რადგან ეს წაართმევს უკრაინას გაზის ტრანზიტიდან მიღებულ შემოსავალს და პუტინს მისცემს დამატებით ბერკეტებს ევროპის ენერგომომარაგების თვალსაზრისით.

ამის მიუხედავად, გერმანიის მთავრობასთან განხეთქილების თავიდან ასაცილებლად, ბაიდენმა უარი თქვა კონგრესის მიერ შემუშავებულ სანქციებზე, რომლებიც მიზნად ისახავდა პროექტის შეჩერებას, რამაც გამოიწვია მრავალი რესპუბლიკელისა და ზოგიერთი დემოკრატის მკაცრი კრიტიკა. 

სამშაბათს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში მოსმენისას, სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა, ვიქტორია ნულანდმა განუცხადა სენატორებს, რომ თუ პუტინი თავს დაესხმება უკრაინას,”მილსადენი შეჩერდება”. 

ბაიდენს სჭირდება მოკავშირეები 

პუტინთან შეხვედრის დასრულებისთანავე, ჯო ბაიდენი ტელეფონით ესაუბრა საფრანგეთის, გერმანიის, იტალიისა და დიდი ბრიტანეთის ლიდერებს, რომელთა მხარდაჭერა აშშ-ის ოფიციალური პირების თქმით, გადამწყვეტი იქნება რუსეთის ლიდერის შეკავებისთვის. 

პუტინი წლების განმავლობაში ცდილობდა, უთანხმოება ჩამოეგდო ამერიკასა და მის მოკავშირეებს შორის იმ იმედით, რომ შეასუსტებდა წინააღმდეგობას და ძირს გამოუთხრიდა ნატოსა და ტრანსატლანტიკურ ალიანსს.