LIVE

უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, ბაიდენი რუსული ბანკების სანქცირებას განიხილავს

07 დეკ 202112:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 657
უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, ბაიდენი რუსული ბანკების სანქცირებას განიხილავს
Kevin Lamarque | Reuters

შეერთებული შტატები და ევროპელი მოკავშირეები რუსეთის უმსხვილესი ბანკების წინააღმდეგ სანქციების დაწესებას განიხილავენ. ასევე, შესაძლოა შეიზღუდოს ინვესტორების შესაძლებლობა, იყიდონ რუსული ობლიგაციები მეორად ბაზარზე.

სანქციები, მათ შორის რუსეთის ზოგიერთი უმსხვილესი ბანკისა და პირდაპირი საინვესტიციო ფონდის წინააღმდეგ, არის ერთ-ერთი საკითხი, რომელიც პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა შეიძლება წარმოადგინოს ვლადიმერ პუტინთან საუბრისას. 

ყველაზე მკვეთრი ნაბიჯი იქნება რუსეთისთვის უარის თქმა Swift-ის ფინანსური გადახდების სისტემაში დაშვებაზე, მაგრამ ეს რიგით მოქალაქეებს დააზარალებს.

ბაიდენისა და პუტინის ვირტუალურ შეხვედრას თან ახლავს მწვავე დაპირისპირება. შეერთებული შტატების დაზვერვის ინფორმაციით, 2022 წლის დასაწყისში რუსეთი 175 000 სამხედროს მონაწილეობით უკრაინაში შეჭრას აპირებს. რუსეთი უარყოფს ომის გეგმებს, მაგრამ ხაზს უსვამს, რომ შეერთებულმა შტატებმა და ევროპულმა ქვეყნებმა უნდა შეწყვიტონ უკრაინის მხარდაჭერა რუსეთის “წითელი ხაზების” გადალახვით, რაც  ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის ნატოში გაწევრიანებას გულისხმობს.

გაურკვეველია, რამდენ დეტალს გაუზიარებს ბაიდენი პუტინს შესაძლო სანქციების შესახებ, რომლებიც სამხედრო ინტერვენციას მოჰყვება. ქმედებების უმეტესობა დამოკიდებული იქნება მოკავშირეების შეთანხმებაზე.

ორშაბათს შეერთებული შტატების, საფრანგეთის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთისა და იტალიის ლიდერებმა სატელეფონო საუბრისას “განიხილეს საერთო შეშფოთება უკრაინის საზღვრებზე რუსული სამხედრო ძალების გაძლიერებისა და მზარდი მკაცრი რიტორიკის შესახებ. ლიდერებმა ხაზგასმით აღნიშნეს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა”,- ნათქვამია თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

რუსეთისა და შეერთებული შტატების ლიდერებს შორის მოლაპარაკებამდე დიალოგი შედგა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკისა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს შორის. მხარეები ერთობლივი და კოორდინირებული ქმედების გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.

როგორც ბლინკენმა Twitter-ზე დაწერა, დაარწმუნა უკრაინის პრეზიდენტი, რომ “აშშ-ს მხრიდან უკრაინის მხარდაჭერა ურყევია” და “რუსეთის მხრიდან ნებისმიერ ესკალაციას სერიოზული შედეგები მოჰყვება”.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ნიკ უადამსი და ჯოშ უინგროვი