
ვაქცინაციის სტატუსის მიუხედავად, დიდი ბრიტანეთი ყველა მოგზაურს ფრენამდე 48 საათის განმავლობაში გაკეთებული Covid-19 ტესტის შედეგის წარდგენას მოსთხოვს. მოგზაურებს საშუალება ექნებათ, ჩაიტარონ სწრაფი ან PCR ტესტი. ახალი რეგულაცია 7 დეკემბრიდან ამოქმედდება.
ჯანდაცვის მდივნის, საჯიდ ჯავიდის განცხადებით, ახალი ზომები დროებითია და ომიკრონის ვარიანტის განვითარებასთან ერთად გადაიხედება.
დიდ ბრიტანეთში 150-ზე მეტი ადამიანი ახალი ვარიანტით არის ინფიცირებული.
მას შემდეგ, რაც ომიკრონი ბრიტანეთში ერთი კვირის წინ აღმოაჩინეს, მთავრობამ სავალდებულო გახადა PCR ტესტის ჩატარება ქვეყანაში შესვლიდან ორი დღის განმავლობაში. შესაბამისად, ტესტის უარყოფით პასუხამდე მოგზაურებს იზოლაციის გავლა უწევდათ. მთავრობის ბოლო ნაბიჯმა შეიძლება გაზარდოს ზეწოლა ავიაკომპანიებსა და სხვა ტურისტულ კომპანიებზე საშობაო სეზონის პიკამდე ცოტა ხნით ადრე.
გადაწყვეტილების მიღებამდე ერთი დღით ადრე, ტრანსპორტის მდივანმა, გრანტ შაპსმა განაცხადა, რომ ტურისტებს არ დასჭირდებოდათ ტესტირება მოგზაურობამდე. შესაბამისად, ჯანდაცვის მდივნის განცხადება პოლიტიკის სწრაფი ცვლილებაა, რამაც ავიაკომპანიების, მათ შორის, British Airways-ის მხრიდან კრიტიკა გამოიწვია.
“გაერთიანებულ სამეფოში შესასვლელად ტესტირების ხელახალი შემოღება, იზოლაციის და PCR ტესტირების ამჟამინდელი რეჟიმის გარდა, სრულიად შეუსაბამოა დანარჩენ მსოფლიოსთან”, - ნათქვამია British Airways-ის განცხადებაში.
British Airways-ის პილოტთა ასოციაციის თანახმად, მოთხოვნა სამუშაო ადგილებსa და საავიაციო სექტორს რისკის ქვეშ აყენებს და შეიძლება მოკლას ტურისტული სექტორი.
“მოგზაურობის ახალი ხარჯები და სტრესი, როგორც ჩანს, შექმნილია საჰაერო მოგზაურობისადმი ნდობის გასანადგურებლად”, - ნათქვამია ასოციაციის გენერალური მდივნის განცხადებაში.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ენდრიუ დევისი და სიდჰარტ ფილიპი