LIVE

ბაიდენი უკრაინის შესახებ პუტინთან “ხანგრძლივ დისკუსიას” პროგნოზირებს

04 დეკ 202111:23
3 წუთის საკითხავი
clock clock 989
ბაიდენი უკრაინის შესახებ პუტინთან “ხანგრძლივ დისკუსიას” პროგნოზირებს
AP

შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან უკრაინაში ინტერვენციის საფრთხესთან დაკავშირებით “ხანგრძლივ დისკუსიას” პროგნოზირებს და იგნორირებას უკეთებს რუსეთის ლიდერის გაფრთხილებას, რომ დასავლური იარაღის ან ჯარების განლაგება “წითელ ხაზს” წარმოადგენს.

“დიდი ხანია ვიცით რუსეთის ქმედებების შესახებ და ჩემი მოლოდინი არის, რომ გვექნება ხანგრძლივი დისკუსია პუტინთან”, - განუცხადა ბაიდენმა ჟურნალისტებს.

როდესაც შეერთებული შტატების პრეზიდენტს ჰკითხეს პუტინის გაფრთხილების შესახებ, რომ უკრაინაში სარაკეტო თავდაცვის სისტემების ან სხვა კონტრზომების განთავსება კრემლისთვის წითელი ხაზი იქნება, ბაიდენმა თქვა, რომ ის “არავის წითელ ხაზებს პატივს არ სცემს”.

რაც შეეხება სამხედრო ინტერვენციის საფრთხეს - ჯო ბაიდენის თქმით, კოორდინაციაშია ევროპელ მოკავშირეებთან, რათა პუტინს “ძალიან გაუჭირდეს” ასეთი თავდასხმის განხილვა.

ჯო ბაიდენამდე თეთრი სახლის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ რუსული ჯარების მობილიზების საპასუხოდ განიხილავენ ეკონომიკური სანქციების დაწესებასა და უკრაინისთვის უსაფრთხოების სფეროში დახმარებას.

აშშ-ის დაზვერვის ინფორმაციით, კრემლი უკრაინაზე თავდასხმას მომავალ წელს გეგმავს, რაშიც დაახლოებით 175,000 სამხედრო მიიღებს მონაწილეობას. შეერთებული შტატები თვლის, რომ ამ ქვედანაყოფების დაახლოებით ნახევარი უკვე იმყოფება საზღვარზე. 

“ორ პრეზიდენტს შორის კომუნიკაცია ხელს შეუწყობს ურთიერთობების სტაბილიზაციასა და ვითარების დამშვიდებას, რომელიც უკიდურესად დაძაბულია ევროპასა და დანარჩენ მსოფლიოში“, - განაცხადა ანატოლი ანტონოვმა, რუსეთის ელჩმა შეერთებულ შტატებში. 

პუტინის მიერ უკრაინის საზღვრის გასწვრივ 100 000 ჯარისკაცისა და სამხედრო ტექნიკის განლაგებამ ომის შიში კვლავ გააღვიძა. აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა დაზვერვის შედეგად მოპოვებული ინფორმაცია მოკავშირეებს გაიზიარეს. დაზვერვის ინფორმაციით, პუტინს სხვადასხვა ადგილიდან უკრაინაში სწრაფი და ფართომასშტაბიანი შეჭრა შეუძლია.

სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა რუსი კოლეგა სერგეი ლავროვი “სერიოზული შედეგების” შესახებ გააფრთხილა, თუ მოსკოვი შეიჭრება უკრაინაში. ბლინკენმა ლატვიაში გამართულ ნატოს კონფერენციაზე განაცხადა, რომ აშშ დააწესებს “ძლიერი გავლენის მქონე ეკონომიკურ ზომებს, რომელთაგან წარსულში თავს იკავებდნენ”.

რუსეთი უარყოფს უკრაინაზე თავდასხმის გეგმას და აცხადებს, რომ აქვს უფლება. განათავსოს ჯარები საკუთარ საზღვრებში უცხოეთის ჩარევის გარეშე. თუმცა, რუსმა ოფიციალურმა პირებმა ასევე განაცხადეს, რომ სურთ უსაფრთხოების გარანტიები, რომ ნატო არ გაფართოვდება აღმოსავლეთით და არ განათავსებს იარაღს უკრაინის ტერიტორიაზე.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჯენიფერ ეპშტეინი და ჯასტინ სინკი