LIVE

iPhone 13-ზე მოთხოვნა შესუსტდა

05 დეკ 202111:25
3 წუთის საკითხავი
clock clock 1410
iPhone 13-ზე მოთხოვნა შესუსტდა

Apple-ი, რომელიც მიწოდების გლობალურ შეფერხებას განიცდის, ახლა მოთხოვნის შემცირების პრობლემის წინაშე დგას.

კომპანიამ კომპონენტების მიმწოდებლებს განუცხადა, რომ iPhone 13-ის ხაზზე მოთხოვნა შესუსტდა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ზოგიერთმა მომხმარებელმა გადაწყვიტა, არ ეცადოს ძნელად მოსაპოვებელი ნივთის შეძენას.

Apple-მა iPhone 13-ის წარმოების სამიზნე მიმდინარე წლისთვის 90 მილიონიდან უკვე 10 მილიონი ერთეულით შეამცირა. Bloomberg News-ის ცნობით, წარმოების შემცირება ნაწილების დეფიციტის პრობლემას უკავშირდება. თუმცა, კომპანიას იმედი აქვს, რომ დეფიციტის დიდი ნაწილი მომავალ წელს შეივსება, როდესაც მიწოდების გაუმჯობესება მოხდება.

მოთხოვნის შენელების მიუხედავად, კომპანია ჯერ კიდევ რეკორდული სეზონის გზაზეა. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ კალენდარული წლის ბოლო სამ თვეში გაყიდვები 6%-ით $117,9 მილიარდამდე გაიზრდება. თუმცა, ეს არ იქნება სუპერ ძლიერი კვარტალი, რომელიც Apple-სა და Wall Street-ს თავდაპირველად წარმოედგინათ. დეფიციტმა და მიწოდების დაგვიანებამ ბევრი მომხმარებელი გააბრაზა. მეორე მხრივ, ინფლაციისა და ომიკრონის ვარიანტის გავრცელების გამო, მომხმარებლებმა შესაძლოა უარი თქვან ზოგიერთ შესყიდვაზე.

ეს შესაძლოა ნიშნავდეს, რომ iPhone-ის მომხმარებლებმა მთლიანად გამოტოვოთ iPhone 13 და დაელოდონ განახლებას მომავალ წელს. iPhone-ის ამჟამინდელი ხაზი, რომლის ფასები $799-დან იწყება სტანდარტული მოდელისთვის და $999-მდე ადის Pro-სთვის, iPhone 12-ის მოკრძალებულ განახლებად ითვლება. უფრო დიდი ცვლილებებია მოსალოდნელი iPhone-ის 2022 წლის მოდელისთვის, რაც ზოგიერთ მყიდველს დალოდების მიზეზს მისცემს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: დები ვუ, ტაკაში მოჩიზუკი