
გასულ წელს Amazon-ში სულ მცირე 20 000 კოვიდინფიცირებული თანამშრომელი აღირიცხა, თუმცა კომპანიამ მხოლოდ 27 მათგანის შესახებ განაცხადა.
„კომპანია ვერ უზრუნველყოფდა საწყობებში Covid-19-ის შემთხვევების სისტემატურად დაფიქსირებას და მიუთითებს, რომ 2020 წლის განმავლობაში სამსახურთან დაკავშირებული 27 შემთხვევა დაფიქსირდა“,- ნათქვამია სტრატეგიული ორგანიზების ცენტრის განცხადებაში. ცენტრი რამდენიმე პროფესიულ გაერთიანებას მოიცავს.
ჯგუფი აღნიშნავს, რომ Amazon-მა 2020 წლის 1 ოქტომბერს თანამშრომლებისთვის გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ აღნიშნული წლის 19 სექტემბრამდე 19 816 თანამშრომელი იყო ინფიცირებული.
ჯგუფმა საჩივარი შრომის მდივნის თანაშემწეს, დუგლას პარკერს გაუგზავნა და შრომის, ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ადმინისტრაციას (OSHA) Amazon-ის მონაცემების შესწავლისკენ მოუწოდა. ისინი მიიჩნევენ, რომ Amazon-მა, ქვეყნის მეორე უმსხვილესმა კერძო დამსაქმებელმა, მუშების სიცოცხლე საფრთხეში ჩააგდო.
Amazon-ი ჯგუფის მიერ მოყვანილი შემთხვევების ოდენობას არ უარყოფს, მაგრამ მათ ანგარიშს მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანის მცდელობად მიიჩნევს.
OSHA აცხადებს, რომ ძნელია იმის შეფასება, იყო თუ არა კოვიდინფიცირება სამუშაოსთან კავშირში.