
საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა 60 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებისთვის Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია სავალდებულოდ გამოაცხადა.
ისინი, ვინც უარს იტყვიან ვაქცინაციაზე, 16 იანვრიდან ყოველთვიურად 100 ევროს ($114) ოდენობით დაჯარიმდებიან. ჯარიმებით შეგროვებული თანხა გადაეცემა საბერძნეთის საავადმყოფოებს, რომლებიც პანდემიას ებრძვიან.
”ეს სასჯელი არ არის. მე ვიტყოდი, რომ ეს არის ჯანმრთელობის საფასური”,- თქვა მიცოტაკისმა.
საბერძნეთის დაახლოებით 11 მილიონი მოქალაქიდან 63% სრულად ვაქცინირებულია. მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინაციაზე ჯავშნები ბოლო დროს გახშირდა, ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემები აჩვენებს, რომ 60 წელზე უფროსი ასაკის 520 000 ადამიანი აუცრელია.
პრემიერ-მინისტრს არ განუმარტავს თუ როგორ მოხდება ჯარიმების აკრეფა.
საბერძნეთში საშუალო პენსია 730 ევროა.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ელენე კრეპა და პოლ ტუგველი