LIVE

სათამაშოების ხარისხი კვლავ გამოწვევაა - ბიზნესი კონტროლის გამკაცრების მომხრეა

30 ნოე 202116:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 1817

მიუხედავად "სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის“ ამოქმედებისა, ადგილობრივ ბაზარზე კვლავ დიდი რაოდენობით უხარისხო პროდუქტი, საშიში და მავნე ნივთიერებების შემცველი სათამაშო იყიდება.

"სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის" მონაცემებით, მხოლოდ 2021 წლის მე-3 კვარტალში იმპორტით შემოსული 1 553 დასახელების სათამაშოდან თითქმის 50%-მა ვერ დააკმაყოფილა ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული მოთხოვნები და საქართველოს ბაზარზე განსათავსებლად მათი დაშვება აიკრძალა.

არასამთავრობო სექტორისა და ბიზნესის ნაწილი პრობლემას რამდენიმე მიზეზით ხსნის: საბაჟოზე ხდება იმპორტირებული პროდუქტის მხოლოდ დოკუმენტური შემოწმება და ვიზუალური კონტროლი არ ხორციელდება. ამასთან, როგორც თავად სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, შესაბამისი დოკუმენტაციის გაყალბება საკმაოდ მარტივია და გადამოწმება არ ხდება. აღსანიშნავია, რომ თითქმის უკონტროლოა თავად ადგილობრივი ბაზარიც, რასაც თავად პასუხისმგებელი ორგანოც (ბაზარზე ზედამხედველობის სამსახური) აღიარებს და არსებულ ვითარებას მძიმე ეპიდემიოლოგიური სიტუაციით ხსნის. მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება ლაბორატორიები, რადგან ადგილობრივად მხოლოდ რამდენიმე ნიმუშზეა შესაძლებელი შემოწმება, უცხოეთში სინჯების გაგზავნა კი ბიზნესისთვის დიდ ხარჯებს უკავშირდება. 

"სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტში" აღნიშნავენ, რომ პრობლემების მოგვარებისთვის აუცილებელია არსებული ნორმატიული აქტის დახვეწა და მოთხოვნების გამკაცრებას. 

"ეს ნორმატიული აქტი რომ მიიღეს, მას დამატებით თან უნდა ახლდეს ქიმიურ ნივთიერებებთან დაკავშირებით დეტალური ნორმები, როგორც ეს ევროკავშირშია. აღნიშნული არ იქნა შემუშავებული და ქიმიური საფრთხეების მხოლოდ მცირე ჩამონათვალზეა მოთხოვნები დაწესებული. აუცილებელია, ადგილზე მოხდეს სათამაშოების შემოწმება და ვიზუალური დათვალიერება სპეციალისტების მიერ, ასევე მნიშვნელოვანია ლაბორატორიული შემოწმებები",- აღნიშნავს ცენტის მომხმარებლის უფლებების დაცვის პროგრამის ხელმძღვანელი, ვახტანგ კობალაძე. 

შეგახსენებთ, 2021 წლის 1 ივლისს სავაჭრო ქსელში განთავსებული კონკრეტული პროდუქციისთვის უსაფრთხოების სავალდებულო მოთხოვნები ამოქმედდა. მათ შორისაა სათამაშოები, ინდივიდუალური დაცვის საშუალებები, მანქანა-დანადგარები (ნაწილობრივ).