LIVE

უკრაინის პრემიერი ნატოს რუსეთის წინააღმდეგ დახმარებისკენ მოუწოდებს

26 ნოე 202122:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 1235
უკრაინის პრემიერი ნატოს რუსეთის წინააღმდეგ დახმარებისკენ მოუწოდებს
Johanna Geron/AFP Pool via Getty Images

რუსეთი ჯარების მობილიზებით კიდევ ერთხელ ემუქრება უკრაინას, რომლის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიხალმა მოუწოდა ნატოს, გაგზავნოს სამხედრო ხომალდები შავ ზღვაში და გააძლიეროს სადაზვერვო ფრენები რუსეთის საზღვრებთან.

”ნატოს საზღვაო ხომალდების მუდმივი ყოფნა შავ ზღვაში იქნება ძალიან ძლიერი სიგნალი. ასეთივე სიგნალი იქნება სადაზვერვო ფრენების გაზრდა რუსეთის საზღვრის გასწვრივ, განსაკუთრებით შავ ზღვასა და ბალტიის ზღვაში”,- განაცხადა შმიხალმა POLITICO-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

ინტერვიუში შმიხალმა თქვა, რომ უკრაინა ეთანხმება აშშ-ს დაზვერვის შეფასებას საზღვარზე რუსული ძალების რაოდენობის მნიშვნელოვანი ზრდის შესახებ - არა მხოლოდ დონეცკის საზღვრის გასწვრივ, რომელიც რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტების მიერ არის ოკუპირებული, არამედ ყირიმსა და ბელარუსში - ჯამურად ამ ტერიტორიებზე დაახლოებით 100 000 ჯარისკაცია განლაგებული.

უკრაინის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ათასობით რუსი ჯარისკაცი დარჩა ბელარუსში ჩატარებული ერთობლივი სამხედრო წვრთნების შემდეგ და რუსეთმა შექმნა და განათავსა ახალი სამხედრო დაზვერვის ნაწილები ბელარუს-უკრაინის საზღვარზე ალექსანდრე ლუკაშენკოს თანხმობით.

ზოგიერთი ანალიტიკოსის აზრით, ვლადიმერ პუტინს შესაძლოა სურდეს უკრაინის ტერიტორიის უფრო დიდი ნაწილის ხელში ჩაგდება რუსეთსა და ყირიმს შორის სახმელეთო ხიდის შესაქმნელად.

მაშინ, როცა აშშ-ს ოფიციალურმა პირებმა ნატოს მოკავშირეებს აცნობეს რუსული შემოჭრის საფრთხის შესახებ, უკრაინის ოფიციალურ პირებს, მათ შორის შმიხალს მიაჩნიათ, რომ კრემლი არის ორიენტირებული ევროკავშირისა და ნატოს ქვეყნების დესტაბილიზაციაზე.

დესტაბილიზაციის მცდელობა მოიცავს ბუნებრივი აირის მსოფლიო ფასების მატებას და მიწოდების შეზღუდვასაც. რუსეთის მთავრობასა და სახელმწიფოს მიერ კონტროლირებად გაზის კომპანია Gazprom-ს სურთ მარეგულირებელი ნებართვა, რაც საშუალებას მისცეს, ექსპლუატაციაში გაუშვას Nord Stream 2-ის გაზსადენი. ზოგიერთი დასავლელი ოფიციალური პირი თვლის, რომ კრემლი ცდილობს, გამოიყენოს მაღალი ფასები და მიწოდების დეფიციტი ზეწოლის ბერკეტად. 

შმიხალის მოთხოვნა ეხმიანება პოლონეთის პრეზიდენტის, ანდჟეი დუდას მიერ ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან შეხვედრის დროს წამოყენებულ წინადადებებს. დუდამ მოითხოვა მოკავშირეთა ჯარების განლაგება პოლონეთსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში - ესტონეთში, ლატვიასა და ლიეტუვაში.

2014 წელს ყირიმში რუსეთის შემოჭრისა და ანექსიის შემდეგ, ნატომ ოთხივე ქვეყანაში განათავსა მრავალეროვნული საბრძოლო ჯგუფები, რომლებსაც შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი, კანადა და გერმანია ხელმძღვანელობდნენ.