LIVE

იაპონია ფრინველის ვირუსის H5N8 შტამის აღმოჩენას ადასტურებს

16 ნოე 202119:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 1525
იაპონია ფრინველის ვირუსის H5N8 შტამის აღმოჩენას ადასტურებს

იაპონიამ დაადასტურა, რომ ქვეყანაში მაღალი პათოგენური ფრინველის გრიპის H5N8 ქვეტიპი დაფიქსირდა.

იაპონიის მთავრობის განცხადებით, შემთხვევა აღმოაჩინეს ქალაქ იზუმის ფერმაში, სადაც დაახლოებით 11,000 კვერცხისმდებელი ქათამია.

„იდენტიფიცირებულია მაღალი პათოგენური ფრინველის გრიპის ვირუსის NA ქვეტიპი და დადასტურდა, რომ ის მიეკუთვნება H5N8 ქვეტიპს“,- აცხადებენ იაპონიის მთავრობაში.

იაპონიამდე ქათმის გრიპის გავრცელების შესახებ ცხოველთა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას ბოლო დღეებში ევროპისა და აზიის ქვეყნებმა აცნობეს, რაც იმის ნიშანია, რომ ვირუსი კვლავ სწრაფად ვრცელდება. 

წელს მთელ მსოფლიოში ფრინველის გრიპით ინფიცირების შემთხვევების რიცხვის ზრდა ეპიდემიოლოგთა შეშფოთებას იწვევს, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა მსოფლიო COVID-19 პანდემიისგან ნელ-ნელა გამოდის. 

ჩინეთმა 2021 წელს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას შეატყობინა ფრინველის გრიპის H5N6 ქვეტიპით 21 ადამიანის ინფიცირების შესახებ. შედარებისთვის, გასულ წელს მხოლოდ ხუთი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირებულებიდან ექვსი გარდაიცვალა.  

თებერვალში რუსეთმა განაცხადა, რომ ფრინველებიდან ადამიანებზე H5N8 შტამის გადაცემის პირველი შემთხვევა დააფიქსირა და ამის შესახებ WHO-ს აცნობა. ადამიანებს შორის ვირუსის გადაცემა დადასტურებული არ არის. 

ნოემბრის დასაწყისში პირველი აფეთქების შემდეგ, იაპონიამ დროებით შეაჩერა რეგიონიდან ქათმის ხორცისა და კვერცხის ექსპორტი, თუმცა ოფიციალური ინფორმაციით, ამ პროდუქტების მოხმარება, ადამიანებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. 

ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის ვებგვერდზე აღნიშნულია, რომ ფრინველის გრიპის წინააღმდეგ, ანტივირუსული მკურნალობა ეფექტურია, მაგრამ ადამიანებისთვის მისგან დასაცავი ვაქცინა არ არსებობს.