LIVE

რუსეთის ჯარი უკრაინის საზღვართან - NATO კრემლს აფრთხილებს

16 ნოე 202112:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 1853
რუსეთის ჯარი უკრაინის საზღვართან - NATO კრემლს აფრთხილებს
president.gov.ua

უკრაინის საზღვართან რუსეთის ჯარის მობილიზების გამო ევროპაში სამხედრო ესკალაციის შესახებ შეშფოთება იზრდება

“რუსეთის მხრიდან ნებისმიერი შემდგომი პროვოკაცია ან აგრესიული ქმედება სერიოზულ შეშფოთებას გამოიწვევს”,- განაცხადა NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, რომელიც ბრიუსელში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს, დიმიტრო კულებას შეხვდა. სტოლტენბერგი ხაზს უსვამს, რომ “მნიშვნელოვანია ესკალაციის თავიდან არიდება და დაძაბულობის შემცირება”.

“მიგრანტების იარაღად გამოყენება პოლონეთისა და ლიეტუვის წინააღმდეგ და უფრო ფართო გაგებით ევროპული და ევროატლანტიკური საზოგადოების წინააღმდეგ, ენერგეტიკული კრიზისი ევროპაში, დეზინფორმაცია და პროპაგანდისტული კამპანიები, რომლებიც მიზნად ისახავს განხეთქილების შეტანას ევროპულ ქვეყნებში, არის რუსეთის უფრო ფართო სტრატეგიის ნაწილი, რათა დაანგრიოს ევროპა და შექმნას პირობები, სადაც ევროპა ცდუნებას მიიღებს, წავიდეს რუსეთთან დათმობებზე”,- განაცხადა კულებამ ბრუსელში ვიზიტის დროს.

ვიზიტის ფარგლებში კულება ასევე შეხვდა საფრანგეთისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრებს, ჟან-ივ ლე დრიანს და ჰეიკო მაასს, რომლებმაც ასევე გააფრთხილეს რუსეთი უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისთვის შელახვის შესახებ.

“უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის შელახვის ყოველგვარ ახალ მცდელობას სერიოზული შედეგები მოჰყვება“,- განაცხადეს ლე დრიანმა და მაასმა ერთობლივ განცხადებაში და კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ “გერმანია და საფრანგეთი მტკიცედ უჭერენ მხარს უკრაინის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას”.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის სპიკერმა 15 ნოემბერს განაცხადა, რომ ბრიტანეთი რჩება “ურყევი” უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაში.

"ჩვენ ვხედავთ შემაშფოთებელ ვითარებას უკრაინის საზღვარზე. ვაგრძელებთ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის ურყევ მხარდაჭერას”,- განუცხადა ჟურნალისტებს სპიკერმა.

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა გააფრთხილა კრემლი, რომ რუსეთი სერიოზულ შეცდომას დაუშვებს, თუ შეეცდება ახალი ტერიტორიების ხელში ჩაგდებას უკრაინაში, როგორც ეს გააკეთა 2014 წელს, როდესაც დაიპყრო ყირიმი, ასევე დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების ნაწილი.

რაც შეეხება უკრაინას - ქვეყნის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა მალიარმა განაცხადა, რომ უკრაინის ჯარი მუდმივ მზადყოფნაშია თავდასხმების მოსაგერიებლად. მინისტრის მოადგილემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა მზადაა გაუმკლავდეს არა მხოლოდ სრულმასშტაბიან სამხედრო ინტერვენციას, არამედ კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტების მიტაცებას.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო იტყობინება, რომ რუსეთმა საზღვართან და ოკუპირებულ ტერიტორიებზე 90 000 სამხედრო მოაბილიზა.