LIVE

Credit Suisse-ის საქმე, რომელშიც ივანიშვილი ფიგურირებს, დღეს გაგრძელდება

15 ნოე 202114:09
3 წუთის საკითხავი
clock clock 1250
Credit Suisse-ის საქმე, რომელშიც ივანიშვილი ფიგურირებს, დღეს გაგრძელდება

Credit Suisse Group-ისა და მისი მდიდარი მომხმარებლების სასამართლო პროცესი ჰამილტონის სასამართლოში დღეს განახლდება. 

ქართველი მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი ერთ-ერთია ბანკის ყოფილი თანამშრომლის, პატრიკ ლესკოდრონის მინიმუმ ხუთი მდიდარი მსხვერპლიდან, რომლებმაც 2015 წელს თაღლითობის გამჟღავნებამდე ჯამში ასობით მილიონი დაკარგეს. 

ბერმუდის სასამართლო პროცესის მნიშვნელობა კიდევ უფრო გაიზარდა მას შემდეგ, რაც კუნძულის უზენაესმა სასამართლომ სექტემბრის ბოლოს დაადგინა, რომ Credit Suisse-ის დაკვეთით მომზადებული PricewaterhouseCoopers-ის და შვეიცარიის საბანკო მარეგულირებლის ანგარიშები გაზიარებული უნდა იყოს ბანკის ადგილობრივი წარმომადგენლობისთვის და ამდენად, ისინი შესაძლოა, გამოყენებული იყოს მტკიცებულებად სასამართლო პროცესზე.

იქამდე Credit Suisse დიდი ბრიტანეთისა და შვეიცარიის სასამართლოებით ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ ანგარიშები კონფიდენციალური უნდა ყოფილიყო. ბერმუდის მოსამართლემ ნარინდერ ჰარგუნმა დაადგინა, რომ შვეიცარიულ ბანკს არ გააჩნდა საფუძველი, არ გამოექვეყნებინა ანგარიშები. 

„ბანკს აქვს პირდაპირი ეკონომიკური ინტერესი ამ პროცესის შედეგზე და ნათლად ჩანს, რომ ის აკონტროლებს გამოძიების პროცესს და სამართალწარმოებას“,- აღნიშნულია 30 სექტემბერს სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ მთავარი მოსამართლის, ნარინდერ ჰარგუნის  გადაწყვეტილებაში.

საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და პარტია "ქართული ოცნების" დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა, რომლის ქონებაც $6 მილიარდს აღემატება, Credit Suisse-ს ოთხი წლის წინ უჩივლა. მან ბანკის დაზღვევის პროდუქტებში $755 მილიონის მოცულობის დეპოზიტი განათავსა. 2015 წელს ივანიშვილმა აღმოაჩინა, რომ სადაზღვევო სქემიდან პატრიკ ლესკადრონის მიერ განხორციელებული თაღლითურ ოპერაციების გამო, $400 მილიონი გაქრა. 

ლესკოდრონმა 2020 წელს თავი მოიკლა. ბანკი ამტკიცებს, რომ ის მარტო მოქმედებდა და დანაშაულს კოლეგებსა და უფროსებს უმალავდა. ივანიშვილი და სხვა მოსარჩელეები კი მიიჩნევენ, რომ მის კოლეგებს თაღლითური ქმედების შესახებ უნდა სცოდნოდათ და თუ არ იცოდნენ და ვერ შეამჩნიეს, ამის გამო მათ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროთ. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: უგო მილერი