
სამხრეთ კორეის უზენაესმა სასამართლომ ყოფილ პრეზიდენტს 20 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
პარკ გეუნ-იემ თანამდებობა 2013 წელს დაიკავა. სამი წლის შემდეგ პარლამენტმა პირველ ქალ პრეზიდენტს იმპიჩმენტი გამოუცხადა, 2017 წელს კი საკონსტიტუციო სასამართლომ პოსტიდან ვადის ამოწურვამდე გადააყენა. 2018 წელს სასამართლომ პარკი ქრთამის აღებასა და ბიზნესისგან ათობით მილიონი დოლარის გამოძალვაში დამნაშავედ სცნო. სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას ყოფილმა პრეზიდენტმა პოლიტიკური დაკვეთა უწოდა და ბოიკოტი გამოუცხადა.
სამხრეთ კორეაში მოქმედმა ფინანსურმა რეგულაციებმა და ეკონომიკური ძალაუფლების კონცენტრაციამ ბიზნესსა და პოლიტიკოსებს შორის საეჭვო ურთიერთობები ჩამოაყალიბა.
ექსპრეზიდენტის წინააღმდეგ საქმე Samsung Electronics-ის მილიარდერის მემკვიდრის, ჯეი ლის დაპატიმრების შემდეგ აღიძრა. პროკურორები ამტკიცებდნენ, რომ Samsung პარკის მეგობრისთვის სხვადასხვა ქრთამის გადაცემით ჯეი ლისთვის სასჯელის შემსუბუქებას ცდილობდა.
პარკის გადაყენების დროს, მისი კონსერვატიული პარტია კრიზისის პიკში იყო, ხოლო მუნის პროგრესიული პარტიის პოპულარობა მკვეთრად იზრდებოდა. თუმცა, მას შემდეგ მოვლენები შეიცვალა და დღეს, მთელი რიგი საშინაო დაბრკოლებების შედეგად მუნის მთავრობის მოწონების მაჩვენებელი რეკორდულად დაბალ ნიშნულზე დაეცა, რამაც კონსერვატორებს ხელისუფლებაში დაბრუნების მომენტუმი შეუქმნა.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჯონ-ჰო ლი