LIVE

WHO: წითელას მომაკვდინებელი ეპიდემიის რისკი იზრდება

11 ნოე 202120:07
3 წუთის საკითხავი
clock clock 753
WHO: წითელას მომაკვდინებელი ეპიდემიის რისკი იზრდება
iStock

22 მილიონზე მეტმა ბავშვმა გამოტოვა წითელას ვაქცინის პირველი დოზა 2020 წელს, რაც ყველაზე დიდი ზრდაა ორი ათწლეულის განმავლობაში და აძლიერებს ახალი ეპიდემიების შიშს, ნათქვამია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა (WHO) და აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ახალ ანგარიშში.

WHO-ს მონაცემებით, მიუხედავად იმისა, რომ დაფიქსირებული შემთხვევები 2020 წელს 80%-ზე მეტით შემცირდა, წითელას გავრცელების რისკი რეალურად იზრდება. ეს იმის გამო ხდება, რომ იმუნიზაციის მაჩვენებელი შემცირდა და წითელას მონიტორინგი გაუარესდა. ბოლო ათი წლის განმავლობაში სინჯების ყველაზე მცირე რაოდენობა გაიგზავნა ლაბორატორიაში, რაც საფრთხეს უქმნის ქვეყნების უნარს, თავიდან აიცილონ ეპიდემიები.

“მიუხედავად იმისა, რომ წითელას შემთხვევები შემცირდა 2020 წელს, მტკიცებულებები მიგვანიშნებს, რომ ეს არის სიმშვიდე ქარიშხლის წინ, რადგან ეპიდემიის გავრცელების რისკი გლობალურად იზრდება”,- განაცხადა კეიტ ო'ბრაიენმა, იმუნიზაციის, ვაქცინებისა და ბიოლოგიის დეპარტამენტის დირექტორმა. 

22 მილიონი ბავშვი, რომელმაც გამოტოვა პირველი დოზა, 2019 წლის რაოდენობაზე 3 მილიონით მეტია. გარდა ამისა, ბავშვების მხოლოდ 70%-მა მიიღო მეორე დოზა, რაც სამიზნე 95%-იან მაჩვენებელზე დაბალია. 

ო'ბრაიენის თქმით, ქვეყნებმა უნდა უზრუნველყონ, რომ რუტინული იმუნიზაციის რესურსები არ გადაიტანონ Covid ვაქცინაციაზე და მიმდინარე პანდემიასთან დაკავშირებული ვაქცინაციები ახალი დაფინანსებით იყოს მხარდაჭერილი. თუ ეს არ მოხდება, “ჩვენ ვრისკავთ ერთი ფატალური დაავადების მეორეთი ჩანაცვლების შესაძლებლობას”.