LIVE

პოლონეთმა შესაძლოა EU-ს საწევრო გადასახადის გადახდაზე უარი თქვას

09 ნოე 202115:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 681
პოლონეთმა შესაძლოა EU-ს საწევრო გადასახადის გადახდაზე უარი თქვას
John Thys/AFP via Getty Images

პოლონეთი ევროკავშირს “არაკეთილსინდისიერ” მოქმედებაში ადანაშაულებს. საქმე ეხება 36 მილიარდი ევროს პანდემიური დახმარების შეჩერებას სადავო სასამართლო რეფორმის გამო. დაპირისპირების კიდევ უფრო გაღრმავების შემთხვევაში, პოლონეთმა შესაძლოა ბლოკში საწევრო გადასახადის გადახდა შეწყვიტოს.

იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, სებასტიან კალეტამ განაცხადა, რომ თანამდებობიდან გათავისუფლებული მოსამართლეების აღდგენა მთავრობის უფლებამოსილებას აღემატება. მან ევროკავშირის აღმასრულებელი ხელისუფლება ორმაგ სტანდარტებში დაადანაშაულა და უკან დახევისკენ მოუწოდა.

“თუ სიტუაცია დაიძაბება და პოლონეთი არ მიიღებს თანხებს, ჩვენ მოვძებნით ამ ზარალის აღდგენის გზას. ახლა უკვე საჯარო დებატების ფარგლებში დგება საწევრო გადასახადის შესაძლო შეჩერების თემა. ასეთი დისკუსიები გრძელდება”,- განაცხადა კალეტამ.

ევროკავშირის უმაღლესი სასამართლოს მიერ ქვეყანა უკვე დაჯარიმდა დღეში 1 მილიონი ევროთი სასამართლო რეფორმის გამო.

პოლონეთმა პირობა დადო, რომ გააუქმებს სასამართლო დისციპლინური მექანიზმს, თუმცა იუსტიციის სამინისტრო დაჟინებით მოითხოვს, ცვლილება იყოს სასამართლო სისტემის უფრო ფართო რეორგანიზაციის ნაწილი. კალეტას თქმით, ცვლილებები რეალურად 2018 წლიდან არის მზად და სამინისტრო პრემიერ-მინისტრ მატეუშ მორავიეცკის მწვანე შუქს ელოდება.

ევროკავშირის უმაღლესმა სასამართლომ დაადგინა, რომ სისტემა, რომელიც იძლევა მოსამართლეების დასჯის საშუალებას მათი გადაწყვეტილების გამო, “არ არის დაცული პოლიტიკოსების პირდაპირი ან ირიბი გავლენისგან”. ხელისუფლების მიმართ ლოიალურად განწყობილი მოსამართლეებით დაკომპლექტებულმა პოლონეთის უმაღლესმა სასამართლომ კი განაცხადა, რომ ევროკავშირს არ აქვს უფლება ჩაერიოს პოლონეთის მართლმსაჯულების სისტემაში.

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ კონფრონტაციის განმუხტვას სჭირდება სასამართლო პალატის დაშლა, მოსამართლეთა დისციპლინური რეჟიმის “დასრულება ან რეფორმა” და გათავისუფლებული პირების აღდგენა.

კალეტას თქმით, ევროკომისია ფაქტობრივად სთხოვს მთავრობას, შეარყიოს სასამართლო დამოუკიდებლობა და დასძინა, რომ თანამდებობიდან გათავისუფლებული მოსამართლეები ხშირად ცნეს დამნაშავედ ისეთ დანაშაულებში, როგორიცაა გაუპატიურება, მაღაზიის ქურდობა და ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვა. 

“ყველა ქვეყანაში მოსამართლეები არიან მოსამართლეები და არა პოლიტიკოსები. ვერ ვხედავ მიზეზს, რომ შევცვალო ეს სისტემა ევროკომისიის შანტაჟით”,- განაცხადა კალეტამ.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: პიოტრ სკოლიმოვსკი