LIVE

იამალი-ევროპის გაზსადენით რუსული გაზის მიწოდება გერმანიაში კვლავ შეჩერდა

06 ნოე 202120:54
3 წუთის საკითხავი
clock clock 1184
იამალი-ევროპის გაზსადენით რუსული გაზის მიწოდება გერმანიაში კვლავ შეჩერდა
EPA

იამალი-ევროპის გაზსადენით რუსული გაზის მიწოდება გერმანიაში კვლავ შეჩერდა და მიედინება საპირისპირო, რუსეთის მიმართულებით. ამას ადასტურებს გერმანული გაზსადენის ოპერატორი Gascade-ის მონაცემები.

გაზის ნაკადის მიმართულების ცვლილება სამი მაგისტრალური მილსადენიდან ერთ-ერთით, რომლითაც რუსულ გაზს დასავლეთ ევროპას აწვდის, უკვე მეორედ მოხდა ბოლო რამდენიმე დღეში. მიწოდების დეფიციტის გამო ევროპული გაზის საორიენტაციო ფასი გასულ კვირას 23%-ით გაიზარდა.

მიწოდება შეიზღუდა იმ ფონზე, როცა ზოგიერთი რეგიონალური პოლიტიკოსი კრემლს მიწოდების შეზღუდვაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინის მიზანია, ზეწოლა მოახდინოს გერმანიასა და ევროკავშირზე, რათა გასცენ  Nord Stream 2-ის მილსადენის ექსპლუატაციის ნებართვა.

რუსეთი ბრალდებას უარყოფს და პირობას დებს, რომ დასავლეთში მარაგებს 8 ნოემბრიდან შეავსებს, როგორც კი საკუთარი მარაგები შეივსება.

პოლონეთსა და გერმანიას შორის ნაკადების დონესა და მათ მიმართულებას მომხმარებელთა მოთხოვნების საფუძველზე მართავს Gaz-System პოლონეთში და Gascade გერმანიაში. ანალიტიკოსების ნაწილი თვლის, რომ გასულ კვირას ნაკადების შეცვლა მიუთითებდა პოლონეთის მოთხოვნაზე, ზოგადად მაღალი ფასების და თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) მჭიდრო მიწოდების გათვალისწინებით.