LIVE

Pfizer-ის მედიკამენტი ჰოსპიტალიზაციასა და სიკვდილიანობას 89%-ით ამცირებს

05 ნოე 202116:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 864
Pfizer-ის მედიკამენტი ჰოსპიტალიზაციასა და სიკვდილიანობას 89%-ით ამცირებს
Mario Tama/Getty Images

Pfizer-ის განცხადებით, მისმა Covid მედიკამენტმა ჰოსპიტალიზაციისა და და სიკვდილიანობის ალბათობა მაღალი რისკის მქონე პაციენტებში 89%-ით შეამცირა. შედეგმა შესაძლოა შეცვალოს კორონავირუსით გამოწვეული დაავადების თერაპია და პანდემიის მიმდინარეობა.

წამლის მწარმოებელმა განცხადებაში აღნიშნა, რომ აღარ იღებს ახალ პაციენტებს მკურნალობის კლინიკურ კვლევებში “უზარმაზარი ეფექტურობის გამო” და გეგმავს შედეგების გაგზავნას აშშ-ს რეგულატორებისთვის გადაუდებელი გამოყენების ნებართვის მოსაპოვებლად.

ახლა უკვე არსებობს ორი პერსპექტიული კანდიდატი ადრეული სტადიის პაციენტების სამკურნალოდ. გასულ თვეში, Merck&Co-მ და პარტნიორმა Ridgeback Biotherapeutics-მა ექსპერიმენტული მედიკამენტი მარეგულირებელ ორგანოებს მას შემდეგ წარუდგინეს, რაც კვლევამ აჩვენა, რომ ის ანახევრებდა სერიოზული ავადმყოფობის ან სიკვდილის რისკს მსუბუქი და ზომიერი Covid-19-ის მქონე პაციენტებში.

მედიკამენტი, რომლის მიღებაც შესაძლებელია სახლში სიმპტომების პირველივე ნიშნების გამოვლენისას, არის კრიტიკული ინსტრუმენტი Covid-19-ის კრიზისთან გამკლავებისთვის მთელ მსოფლიოში. Pfizer-ის სპიკერმა განაცხადა, რომ სხვა მარეგულირებელი ორგანოებისგან ნებართვის მიღების პროცესი დაიწყება შეერთებულ შტატებში განაცხადის შეტანის შემდეგ.

Pfizer-ის კვლევაში 1219 არავაქცინირებული ზრდასრული მონაწილეობდა. მედიკამენტით ხუთდღიანი მკურნალობა მკვეთრად ამცირებს ჰოსპიტალიზაციას, თუ მკურნალობა დაიწყება სიმპტომების დაწყებიდან სამი ან ხუთი დღის განმავლობაში. 

საერთო ჯამში, იმ ადამიანების მხოლოდ 0.8% იყო ჰოსპიტალიზებული, რომლებმაც მკურნალობა ინფიცირებიდან სამი დღის განმავლობაში დაიწყეს. მათგან არავინ გარდაიცვალა, ხოლო პლაცებოს მიმღებთან 7% მოგვიანებით საავადმყოფოში გადაიყვანეს ან გარდაიცვალა. 

Covid–ის მკურნალობის ამჟამინდელი ვარიანტები იდეალური არ არის. მონოკლონური ანტისხეულები კომპანიებისგან, როგორიცაა Regeneron Pharmaceuticals და Eli Lilly&Co ამცირებს ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელს, მაგრამ საჭიროა სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა, რაც ჯანდაცვის სისტემებს ტვირთავს.

სხვა წამლები, როგორიცაა Gilead Sciences-ის რემდესივირი, გამოიყენება ბევრად უფრო მძიმე მდგომარეობაში მყოფი ადამიანების სამკურნალოდ. იაფფასიანი სტეროიდი დექსამეტაზონი, თუმცა ძალიან ეფექტურია, მაგრამ ჩვეულებრივ ინიშნება მხოლოდ მძიმე პაციენტებში.

კვლევის მესამე ეტაპზე, Pfizer იკვლევს, შეიძლება თუ არა წამლის გამოყენება პროფილაქტიკის მიზნით ინფიცირებულთა კონტაქტებისთვის, რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანი მიიღებს წამალს ვირუსის თავიდან ასაცილებლად.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: რობერტ ლანგრეტი