კაკლის გადამამუშავებელი საწარმო „ანიგოზი“ იმპორტის 20-30%-ის ჩანაცვლებას გეგმავს. მომავალი წლიდან ექსპორტის დაწყებაც იგეგმება. თუმცა, როგორც „ბიზნეს ფორმულას“ კომპანიაში განუცხადეს, გეგმებს ნიგოზის დღგ-თი დაბეგვრის პრაქტიკა აფერხებს.
„წელს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ქართული ნიგვზით შიდა ბაზრის მომარაგებას ვაპირებთ. ჩვენი ნიგვზის ხარისხიდან გამომდინარე იმედი გვაქვს, რომ უკვე წელს იმპორტის 20-30%-ის ჩანაცვლებას შევძლებთ. დარწმუნებულები ვართ, რომ თხილის მსგავსად ქართულ კაკალსაც დიდი საექსპორტო პოტენციალი აქვს. უკვე საკმაოდ დიდი დაინტერესებაა ევროპიდან, გვეკონტაქტებიან არაბული და სხვა აზიური ქვეყნებიც. არჩევანს იმის მიხედვით გავაკეთებთ, რომელი საფასო კატეგორია იქნება ჩვენთვის მისაღები. ქართული ნიგვზის პოტენციალის სრულად ასათვისებლად კარგი იქნება თუ თხილის მსგავსად, დღგ-ს გადასახადისგან ნიგოზიც განთავისუფლდება“,- აცხადებს კომპანიის დამფუძნებელი, ანი ქევხიშვილი.
წელს კომპანიამ უკვე ჩაიბარა 100 ტონამდე კაკალი და როგორც „ანიგოზში“ აცხადებენ, საწარმოს წლიურად დაახლოებით 500 ტონის მიღება - გადამუშავების პოტენციალი აქვს. ნიგვზის მიწოდება ბაზარზე 5,10,15 და 25 კილოგრამიანი ვაკუუმიანი შეფუთვით იგეგმება.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 9 თვეში საქართველომ 440 ტონა კაკლის იმპორტში $1.5 მილიონი გადაიხადა. რაც შეეხება ექსპორტს, როგორც „ბიზნეს ფორმულას“ საქსტატიდან აცნობეს, საანგარიშო პერიოდში საქართველოდან $508 ათასის ღირებულების 95 ტონა კაკალი გავიდა ექსპორტზე. ქართული კაკლის ექსპორტი ძირითადად ხორციელდება არაბთა გაერთიანებულ საემიროებში ($332,000), თურქეთსა ($89,000) და სომხეთში ($78,000).