LIVE

ევროპა დამატებით რუსულ გაზს Nord Stream 2-ის ამოქმედების შემთხვევაში მიიღებს

24 ოქტ 202117:25
3 წუთის საკითხავი
clock clock 914
ევროპა დამატებით რუსულ გაზს Nord Stream 2-ის ამოქმედების შემთხვევაში მიიღებს
Andrey Rudakov/Bloomberg

რუსეთი არ აპირებს ევროპელ მომხმარებლებს შესთავაზოს გაზის დამატებითი მოცულობა ენერგეტიკული კრიზისის შესამსუბუქებლად, თუკი სანაცვლოდ რამეს არ მიიღებს.

კერძოდ, მარაგის ზრდის სანაცვლოდ, რუსეთს სურს მიიღოს გერმანიისა და ევროკავშირის მარეგულირებლების ნებართვა Nord Stream 2-ისთვის. ინფორმაციას Gazprom-თან და კრემლთან დაახლოებული პირები ადასტურებენ.

”ჩვენ არ შეგვიძლია ვიმუშაოთ სხვების დაშვებული შეცდომის გამოსასწორებლად. ჩვენ ვასრულებთ ყველა კონტრაქტს, ყველა ვალდებულებას. გარდა ამისა, უნდა დაიდოს დამატებითი ნებაყოფლობითი და ურთიერთსასარგებლო ხელშეკრულებები”,- განაცხადა კონსტანტინ კოსაჩოვმა, კრემლის ერთ-ერთმა წამყვანმა დეპუტატმა რუსეთის დუმის ზედა პალატაში.

მილსადენის ოპერატორმა ორშაბათს განაცხადა, რომ მისი პირველი ხაზი ივსება ე.წ. ტექნიკური გაზით და მზადაა გასაშვებად, თუმცა ის ევროპაში ვერ გაიგზავნება მარეგულირებელი ორგანოს დამტკიცებამდე. განცხადება გაკეთდა მხოლოდ რამდენიმე საათის შემდეგ, რაც ევროპაში გაზის ფასები მკვეთრად გაიზარდა. 

ევროპასთან ურთიერთობა მკვეთრად გაუარესებულია წლების განმავლობაში სანქციებისა და სხვა დაძაბულობის შემდეგ, ამიტომ კრემლს არ სურს რაიმე სახის კეთილგანწყობის დემონსტრირება.

ოქსფორდის ენერგეტიკული კვლევების ინსტიტუტის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ ევროპაში ექსპორტი გასული წლის დონესთან შედარებით გაიზარდა, მოცულობა 2019 წლის მაჩვენებელს ჯერ კიდევ ჩამორჩება. ოქტომბერში ყოველდღიური ნაკადები დაეცა და Gazprom არ ჩქარობდა ევროპაში მარაგების შევსებას, რამაც ფასზე ზეწოლა გაზარდა.

რუსი ოფიციალური პირები უარყოფენ ბრალდებებს, თითქოს მათ განზრახ შეაჩერეს გაზის მიწოდება ევროპაში, რათა მიიღონ Nord Stream 2-ის ექსპლუატაციის ნებართვა. კრემლმა შექმნილ კრიზისში ევროპა დაადანაშაულა და აცხადებს, რომ იჩქარეს ენერგიის ალტერნატიულ წყაროებზე გადასვლა.

გასულ კვირას მოსკოვში გამართულ ენერგეტიკულ კონფერენციაზე, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთმა შესაძლოა გაზის მეტი მოცულობა შესთავაზოს ევროპას, მაგრამ ასევე გამოხატა წუხილი Nord Stream 2-ის დამტკიცების პროცესში ნელი პროგრესის გამო. პროცესი შეიძლება მომავალ წლამდე გაგრძელდეს. გერმანელი მარეგულირებელი ორგანოები ამჟამად განიხილავენ განაცხადს სერტიფიცირებისათვის, მაგრამ პირველადი გადაწყვეტილება მხოლოდ იანვარში მიიღება, რის შემდეგაც საბოლოო გადაწყვეტილება ევროკომისიამ უნდა მიიღოს.

მილსადენმა გამოიწვია შეერთებული შტატების კრიტიკა და სანქციები, ასევე პოლონეთისა და უკრაინის მცდელობები, დაბლოკოს მისი ამოქმედება. 

ევროპასთან წლების განმავლობაში დაძაბულობის შემდეგ ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსი მაღალჩინოსნები გაზის მიწოდების გაზრდას მტკიცე გარანტიების გარეშე დათანხმდნენ.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ირინა რეზნიკი, ჰენრი მეიერი და ილია არხიპოვი