პრეზიდენტის სი ძინპინი უჩვეულო განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ 2021 წელს დრო და მოვლენების განვითარება ჩინეთის სასიკეთოდ მუშაობს.
ჩინეთის ლიდერი მინისტრების დონეზე გამართულ შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა და ჩინეთის სამომავლო განვითარებაზე ისაუბრა. მისი თქმით, მაშინ, როდესაც "მსოფლიო საუკუნის გამოწვევების წინაშე დგას, მოვლენები ჩინეთის სასარგებლოდ ვითარდება" და სწორედ ამას ეფუძნება ჩინეთის ძალისხმევა და თავდაჯერებულობა.
აშშ – ში არეულობაზე აპელირებით და დონალდ ტრამპის პოლიტიკის უკვე ჩვევად ქცეული კრიტიკის ფონზე, ჩინეთის ლიდერი აქამდე ფრთხილი რიტორიკის საპირისპიროდ ამბობს, რომ ჩინეთი არა გამოწვევების, არამედ შესაძლებლობების წინაშე დგას.
ჩინეთის კომუნისტური პარტიის წარმომადგენლებს სი ძინპინმა ტექნოლოგიური ინოვაციების გაძლიერებისა და შიდა ბაზრის გაზრდისკენ მოუწოდა. სიტყვით გამოსვლისას, მან ყურადღება უსაფრთხოების საკითხებზეც გაამახვილა და მონაწილეებს საფრთხეებზე რეაგირების კიდევ უფრო გაუმჯობესებისკენ მოუწოდა.
ერთი წლით ადრე, მსგავს შეხვედრაზე, სი ძინპინი, კორონავირუსისა და ამერიკასთან ურთიერთობის მზარდი დაძაბულობის ფონზე, ქვეყნისთვის უპრეცედენტო რისკებსა და გამოწვევებზე საუბრობდა. წელს ჩინეთის ოპტიმიზმს ეკონომიკისა და ბიზნესის კვლევის ცენტრის პროგნოზიც აძლიერებს, რომლის თანახმად 2028 წლისთვის ჩინეთი ამერიკას გადაუსწრებს, როგორც მსოფლიოს უდიდესი ეკონომიკა.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატია