LIVE

Apple-ი ავტოინდუსტრიაში გაფართოებას ახალი ტექნოლოგიით შეეცდება

08 ოქტ 202112:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 611
Apple-ი ავტოინდუსტრიაში გაფართოებას ახალი ტექნოლოგიით შეეცდება
Getty Images

Apple-ი, რომლის CarPlay ინტერფეისს მილიონობით მძღოლი იყენებს, ავტოინდუსტრიაში შესაძლებლობების გაფართოებას შეეცდება.

კომპანია მუშაობს ტექნოლოგიაზე, რომელსაც ისეთ ფუნქციებზე ექნება წვდომა, როგორიცაა კლიმატის კონტროლის სისტემა, სპიდომეტრი, რადიო და სავარძლები. ინიციატივა, რომელიც ცნობილია როგორც IronHeart-ი განვითარების ჯერ კიდევ საწყის ეტაპზეა და სავარაუდოდ, ავტომწარმოებლებთან თანამშრომლობას საჭიროებს.

პროექტი ხაზს უსვამს იმ აზრს, რომ მანქანები შეიძლება იყოს მთავარი მომგებიანი მიმართულება ტექნოლოგიური გიგანტისთვის, თუნდაც ავტომობილის წარმოების გარეშე. მიუხედავად იმისა, რომ Apple-ის მანქანის შექმნის გეგმებს ბოლო დროს წინაღობები შეხვდა, კომპანია ამ მხრივ წინსვლას CarPlay-ის მეშვეობით განაგრძობს. ამჟამად ტექნოლოგია საშუალებას აძლევს მომხმარებლებს iPhone-ები მანქანას დაუკავშირონ და მისი მეშვეობით რადიო მახასიათებლები მართონ. CarPlay-ს მომხმარებლებს უმსხვილესი ავტომწარმოებლები სთავაზობენ.

Apple-ის ახალი პროექტი IronHeart-ი CarPlay-ს ახალ დონეზე გადაიყვანს. IPhone-ზე დაფუძნებულ სისტემას წვდომა ექნება კონტროლის, სენსორებისა და პარამეტრების მთელ რიგზე. Bloomberg-ი ინფორმაციას წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს, რომლებმაც ვინაობის გამხელა არ ისურვეს, რადგან პროექტი საიდუმლოა.

IronHeart-ი Apple-ის ყველაზე ძლიერ ნაბიჯს წარმოადგენს ავტომობილების ინდუსტრიაში მას შემდეგ, რაც 2014 წელს CarPlay გამოვიდა. თუმცა, ეს შეიძლება არ იყოს ჰიტი ავტომწარმოებლებისთვის. მწარმოებლებმა შეიძლება თავი შეიკავონ Apple-ისთვის ძირითად ფუნქციებზე კონტროლის გადაცემისგან. მიუხედავად იმისა, რომ CarPlay ახლა 600-ზე მეტ ავტომობილის მოდელშია, Apple-ის სხვა ინიციატივებს, რომლებიც კომპანიამ ბოლო წლებში წამოიწყო, ავტომწარმოებლები შედარებით ნელა იღებენ.

ზოგიერთმა ავტომწარმოებელმა, მათ შორის Tesla-მ, საერთოდ უგულებელყო Apple-ისა და Google-ის ძალისხმევა ინდუსტრიაში და საკუთარი ინფორმაციული და გასართობი ეკოსისტემების შექმნა არჩია. 

მიუხედავად ამისა, პროექტი Apple-ისთვის, შესაძლოა, თვითმართვადი ავტომობილის შექმნის პროცესში სასარგებლო აღმოჩნდეს. 

აღსანიშნავია, რომ კომპანია ინიციატივის ფარგლებში მომხმარებლის ან მანქანის მონაცემებს არ შეაგროვებს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: მარკ გურმანი