LIVE

რუსეთი ევროპას გაზის კრიზისის შედეგების შემსუბუქებას სთავაზობს

07 ოქტ 202116:31
3 წუთის საკითხავი
clock clock 1167
რუსეთი ევროპას გაზის კრიზისის შედეგების შემსუბუქებას სთავაზობს

ევროპას ზამთრის მოახლოების პარალელურად გაზის ფასის მკვეთრი ზრდა დაატყდა თავს. სწორედ ამიტომ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აირჩია შესაფერისი მომენტი საკუთარი ბერკეტების გამოსაყენებლად.

რუსეთის ვიცე-პრემიერ ალექსანდრე ნოვაკს მოთხოვნის დაკმაყოფილების გზად საკამათო Nord Stream 2-ის სერტიფიცირება მიაჩნია.

Nord Stream 2-ის გაზსადენს უკავშირდება ნებართვის გაცემის გრძელი, რთული და პოლიტიზირებული პროცესი. მიუხედავად იმისა, რომ პუტინმა პირდაპირ არ დაუკავშირა გაზის დამატებითი მიწოდება მილსადენის დამტკიცებას, მან აღნიშნა, რომ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რუსული საექსპორტო გზა ევროპაში უფრო ძვირია. 

პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ Gazprom-მა შეასრულა მიწოდების ყველა კონტრაქტი და რუსეთს არ სურს “სპეკულაციური სიგიჟის” დანახვა, რომელიც ახლა ბაზრებმა მოიცვა.

“რუსეთი ყოველთვის იყო და რჩება გაზის საიმედო მიმწოდებელად მთელს მსოფლიოში - როგორც აზიაში, ასევე ევროპაში და ის ყოველთვის სრულად ასრულებს ყველა ვალდებულებას”, - ამბობს პუტინი.

კომპანიის განცხადებით, Gazprom-ის ექსპორტი ევროპაში წლის პირველ ცხრა თვეში ახლოს იყო რეკორდულ მაჩვენებელთან. პუტინის თქმით, თუ ეს ტემპი 2021 წლის ბოლომდე გაგრძელდება, ეს იქნება რეკორდული წელი.

Gazprom-ის ყოველდღიური ექსპორტი ევროპაში მიმდინარე წლის დასაწყისში რეკორდულ მაჩვენებლებთან ახლოს იყო, მაგრამ სექტემბერში შემცირდა შიდა მოთხოვნის ზრდის გამო.

პუტინმა სთხოვა მთავრობასა და ენერგეტიკულ ლიდერებს, შეიმუშაონ წინადადებები ენერგეტიკული ბაზრის სტაბილიზაციის შესახებ და Nord Stream 2 არ იყოს ერთადერთი წინადადება. ნოვაკმა, ენერგეტიკის ყოფილმა მინისტრმა და OPEC + -ის ერთ-ერთმა არქიტექტორმა, ასევე შესთავაზა დამატებითი მოცულობის გაყიდვა Gazprom-ის ელექტრონულ პლატფორმაზე, რომელიც მდებარეობს პეტერბურგში.

თუმცა, Nord Stream 2-ის ბედი სულ უფრო მეტად ერწყმის ევროპაში არსებულ სიტუაციას. სექტემბერში რუსული ექსპორტის შემცირებამ, რაც გულისხმობდა მიწოდების შემცირებას უკრაინასა და პოლონეთში სატრანზიტო მარშრუტებზე, გამოიწვია კრიტიკა, რომლის თანახმად, ქვეყანა აჩერებს მიწოდებას მილსადენის დამტკიცების დასაჩქარებლად.

პუტინმა თქვა, რომ Gazprom გაგზავნის იმაზე მეტ გაზს უკრაინის გავლით, ვიდრე მიმდინარე წელს იყო გათვალისწინებული. ამასთან, ამტკიცებს, რომ რუსეთის ახალი მილსადენების სისტემები შავი და ბალტიის ზღვების გავლით, მათ შორის Nord Stream 2, უფრო ეკონომიური და ეკოლოგიურად სუფთაა.

პუტინის თქმით, დიდი მოცულობის გაზის ტრანსპორტირება უკრაინის გავლით “სიძვირის გამო Gazprom-სთვის ეკონომიკურად წამგებიანია. მილსადენის ახალი სისტემების მიწოდება, რომლებიც ექსპლუატაციაში ბოლო წლებში შევიდა, 5,6-ჯერ ამცირებს CO2-ის ემისიების რაოდენობას ატმოსფეროში".

პუტინმა თქვა, რომ მიმდინარე საბაზრო კრიზისი არის მსოფლიოში უფრო სწრაფი ეკონომიკური აღდგენის შედეგი, რამაც გაზარდა ენერგიაზე მოთხოვნა. მისივე თქმით, მოულოდნელად ხანგრძლივმა და ცივმა ზამთარმა ევროპაში გაზის მარაგი ამოწურა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ოლგა ტანასი და ელენა მაზნევა