LIVE

Pfizer-ის ვაქცინა ჰოსპიტალიზაციისგან 90%-ით მინიმუმ 6 თვე იცავს

06 ოქტ 202123:36
3 წუთის საკითხავი
clock clock 1295
Pfizer-ის ვაქცინა ჰოსპიტალიზაციისგან 90%-ით მინიმუმ 6 თვე იცავს
Reuters

Pfizer/BioNTech-ის Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის ორი დოზა ჰოსპიტალიზაციისგან მაღალი ეფექტურობით მინიმუმ ექვსი თვის განმავლობაში იცავს. ამ დასკვნამდე მასშტაბური კვლევის ავტორები მივიდნენ.

ამავე კვლევის თანახმად, ორი დოზით აცრიდან ექვსი თვის შემდეგ, ერთი თვის განმავლობაში Covid-ის ყველა ინფექციის წინააღმდეგ ვაქცინის ეფექტურობა 88%-დან  47%-მდე შემცირდა. თუმცა, ნებისმიერი ვარიანტით, მათ შორის, დელტა შტამით ინფიცირების შემთხვევაში, ჰოსპიტალიზაციის წინააღმდეგ ეფექტურობის მაჩვენებელი კვლავ მაღალი - 90% დარჩა. 

მკვლევრებმა 2020 წლის დეკემბრიდან 2021 წლის აგვისტომდე პერიოდში აღრიცხული სამი მილიონი ადამიანის მონაცემები გაანალიზეს. ანალიზის შედეგები, რომელიც სამედიცინო ჟურნალ Lancet-ში გამოქვეყნდა, შეესაბამება აშშ-ის "დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრებისა" და ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს წინასწარ ანგარიშებს, რომლებიც იუწყებიან, რომ ვირუსისგან დაცვის მაჩვენებელი ექვსი თვის შემდეგ იკლებს. 

მკვლევრების განცხადებით, შედეგები ხაზს უსვამს მსოფლიოში ვაქცინაციის ტემპის დაჩქარების მნიშვნელობას. 

Pfizer-ის ვაქცინა საქართველოში ხელმისაწვდომია 16 წლის და უფროსი ასაკის ადამიანებისთვის. ვაქცინაციისთვის ვიზიტის დასაჯავშნად უნდა ეწვიოთ ვებგვერდს. რეგისტრაციის გარეშე აცრის მსურველებისთვის საქართველოს 3 ქალაქში 15 ამცრელი პუნქტი ყოველდღე 10:00-დან 20:00-მდე მუშაობს. ვაქცინაცია ხელმისაწვდომია მოძრავ პუნქტებშიც

სამედიცინო ცენტრების ნაწილი მოსახლეობას ვაქცინაციას რეგისტრაციის გარეშეც სთავაზობს.