LIVE

Tesla-ს რასიზმისთის $137 მილიონის გადახდა დაეკისრა

07 ოქტ 202115:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 680
Tesla-ს რასიზმისთის $137 მილიონის გადახდა დაეკისრა

Tesla-მ ყოფილი შავკანიანი თანამშრომლის წინააღმდეგ სასამართლო დავა წააგო. კომპანია ლიფტების ყოფილ ოპერატორს ზიანის ასანაზღაურებლად უპრეცედენტო თანხას, $137 მილიონს გადაუხდის. ავტომწარმოებელს ყოფილმა თანამშრომელმა რასობრივი დაცინვისა და შეურაცხმყოფელი წარწერების უგულებელყოფისთვის უჩივლა.

ნაფიცმა მსაჯულებმა ორშაბათს გადაწყვიტეს, რომ ოუენ დიაზს, ყოფილ თანამშრომელს, რომელიც კომპანიამ 2015 წელს კონტრაქტით დაიქირავა, რასობრივად მტრულად განწყობილ სამუშაო გარემოში უწევდა მუშაობა. 

სასამართლოში Tesla ამტკიცებდა, რომ კომპანიის განზრახვა არ ყოფილა შავკანიანი დასაქმებულების უფლებებისა და უსაფრთხოების დარღვევის უგულებელყოფა. კომპანიის მტკიცებით, დიაზის მიერ მოხსენებული ყველა ინციდენტი გამოძიებული და მოგვარებული იყო.

ნაფიც მსაჯულთა წინაშე დასკვნით სიტყვაში Tesla-ს ადვოკატმა ტრეისი კენედიმ განაცხადა, რომ დიაზის ამბავი უბრალოდ აზრს მოკლებულია. ადვოკატმა ხაზი გაუსვა ფაქტს, რომ კომპანიის ყოფილმა დაქირავებულმა ორ შვილს შეუწყო ხელი კომპანიაში დასაქმებაში. კენედიმ ასევე აღნიშნა, რომ დიაზის პრეტენზიები მტკიცებულებებით გამყარებული არ არის.

დიაზის საქმე იშვიათი შემთხვევაა, როდესაც Tesla-ს, რომელიც ჩვეულებრივ სავალდებულო არბიტრაჟს იყენებს დასაქმებულებთან დავის მოსაგვარებლად, საჯარო სასამართლო პროცესში თავის დაცვა მოუწია. კომპანია თითქმის არასოდეს აგებს არბიტრაჟს, თუმცა მაისში $1 მილიონის გადახდა მოუწია საქმეში, რომელიც დიაზის მსგავსი იყო.

სასამართლოს გადაწყვეტილებამ შეიძლება გაამხნეოს აქციონერი აქტივისტები, რომლებიც Tesla-ს ბორდს მეტი გამჭვირვალობისკენ უბიძგებს სექსუალური შევიწროებისა და რასობრივი დისკრიმინაციის შესახებ საჩივრების გადასაწყვეტად.

Tesla მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ავტომწარმოებელია, რომლის საბაზრო ღირებულება დაახლოებით $783 მილიარდს შეადგენს. კომპანიას კიდევ ერთი საქმე ემუქრება მსგავსი ბრალდებებით. საქმე კოლექტიური სარჩელის სახით კალიფორნიის შტატის სასამართლოში, ოკლენდში მიმდინარეობს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: მალატი ჰაიაკი და დანა ჰალი