LIVE

როგორ ცვლის პანდემია $380-მილიარდიან მოდის ინდუსტრიას

07 ოქტ 202122:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 1415
როგორ ცვლის პანდემია $380-მილიარდიან მოდის ინდუსტრიას

გლობალური ეკონომიკის თითქმის ყველა სხვა სექტორის მსგავსად, პანდემიამ არც $2.5-ტრილიონიანი მოდის ინდუსტრია დაინდო. ტურიზმზე დამოკიდებულების გათვალისწინებით, ძვირადღირებული მოდის $380-მილიარდიანმა ბაზარმა მასშტაბური დარტყმა მიიღო. გასულ წელს ამ სეგმენტში ყველაზე ცუდი მაჩვენებელი დაფიქსირდა. მოდის სახლები ზარალის  ანაზღაურებას შემოქმედებითი და ინოვაციური მიდგომებით ცდილობენ. 

პოსტ-პანდემიურ მოდის ინდუსტრიაზე The Business of Fashion-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, იმრან ამედი დემნა გვასალიასა და მარინ სერეს ესაუბრა.

როგორც Bloomberg-ი წერს, ცნობილი ქართველი და ფრანგი დიზაინერები მიმართავენ პროვოკაციულ სტრატეგიას პოსტ-პანდემიურ ინდუსტრიაში, სადაც სოციალური და ეკოლოგიური საკითხები უფრო აქტუალური გახდა. 

ქართველი ლტოლვილობიდან მოდის გამრღვევ ოსტატობამდე განვლილი გზით, დემნა იმ დიზაინერებს მიეკუთვნება, რომლებმაც ქუჩის მოდის ფენომენი ევროპული მოდის უმაღლეს დონეზე აიყვანეს.

თავად კრისტოფერ ბალენსიაგამ 49 კოლექცია შექმნა. 50-ე კოლექციაზე სწორედ დემნა გვასალიამ იმუშავა. მისი შოუ პარიზში 2 ოქტომბერს გაიმართა.

იმრან ამედი Balenciaga-ს კრეატიულ დირექტორს, დემნა გვასალიას Balenciaga-ს კუტურის აღდგენილ სალონში კოლექციის ჩვენებამდე ესტუმრა და 21-ე საუკუნეში ბრენდის პირველი "კუტურის" კოლექციის შესახებ ესაუბრა. 

იმრან ამედი: რა არის შენი ხედვა Balenciaga-ს "კუტურისთვის"?

დემნა გვასალია: მე ვიტყოდი, რომ არა ხედვა, არამედ მისია ისაა, რომ მას მეორე სიცოცხლე შევძინო. მსმენია, ადამიანები ამბობენ "კუტური" მოკვდა, ვის სჭირდება ის? ის სრულიად უსარგებლოა... მაგრამ მე ვფიქრობ იმაზე, რა იქნება 20, 30 წლის შემდეგ. 

ამედი აღნიშნავს, რომ "კუტურის" ჩვენება იმით იქნება განსაკუთრებული, რომ მასში ქალებთან ერთად, მონაწილეობას იღებენ მამაკაცები და არაბინარული ადამიანები. 

"მე მგონია, რომ გენდერზე საუბარი წარსულს ჩაბარდა. ჩვენ ამის შესახებ აღარც კი უნდა ვლაპარაკობდეთ. ჩვენ უბრალოდ მოდით უნდა ვიცხოვროთ",- ამბობს გვასალია. 

იმრან ამედი: მოტივაცია, რომ ეს მეინსტრიმ მოდასა და კულტურაში გადმოგეტანათ, საბჭოთა პერიოდში საქართველოში გატარებული ბავშვობიდან მოდის? იქ ხომ საუბარი გენდერულ იდენტობაზე, ჰომოსექსუალობაზე არ იყო?

დემნა გვასალია: პირადად ჩემთვის, პირდაპირი კავშირია იმ კულტურასთან, სადაც გავიზარდე. ოფიციალურად საქართველოში გეები არ არიან. ეს საკითხი ტაბუირებული იყო. მე ჰომოფობია უფრო მაშინებდა, ვიდრე სამოქალაქო ომი. ასე რომ, ვფიქრობ ეს არის ჩემში. ეს არის ის, რისი გაკეთებაც მიწევს. ამის კეთება თერაპიასავით არის. რამდენადაც მოდა ჩვენი ცხოვრების სარკეა, ვფიქრობ, რომ ეს თითქმის ჩემი სამსახურის ნაწილია. 

The Business of Fashion-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, იმრან ამედი აღნიშნავს, რომ როდესაც Balenciaga მშობელმა კომპანიამ Kering-მა 2001 წელს შეიძინა, მისი შემოსავალი მხოლოდ $17,3 მილიონი იყო. ანალიტიკოსების შეფასებით, დღეს მისი გაყიდვები თითქმის 2 მილიარდი ევროა, რაც მას მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მოდის სახლად აქცევს. 

Balenciaga-ს 2015 წლიდან დემნა გვასალია მართავს. წარმატების დიდი ნაწილი სწორედ მას ეკუთვნის.

"კუტური", თავისი კონცეპტით, ჩემთვის ძალიან თანამედროვეა, რადგან ჩვენ მხოლოდ ვაწარმოებთ იმას, რასაც გვიკვეთავენ. ასე რომ, ეს მოხმარების ყველაზე მდგრადი გზაა. მაგრამ ინდუსტრია მხოლოდ მასზე ვერ იქნება დამყარებული. ჩემი აზრით, საჭიროა ბალანსი. პანდემიამდე ამაზე არ მიფიქრია. ბორბალზე მორბენალი ზაზუნასავით ვქმნიდი პროდუქტს.

მდგრადობა ჩემთვის გახდა ძალიან პერსონალური საკითხი. კუტურის კეთება ჩემთვის არის თითქმის სიჩუმის წუთი, რომ ავსახო. ამიტომაცაა ჩემი შოუ სრულ სიჩუმეში. პირველად ვაჩვენებ ჩემს ნამუშევარს სიჩუმეში",- ამბობს გვასალია.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: დევიდ როველა