LIVE

Ford-ი და SK-ი ბატარეების ქარხნების ასაშენებლად $11.4 მილიარდს დახარჯავენ

03 ოქტ 202116:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 678
Ford-ი და SK-ი ბატარეების ქარხნების ასაშენებლად $11.4 მილიარდს დახარჯავენ
Bloomberg

Ford Motor-ი და სამხრეთ კორეის SK Innovation-ი ტენესისა და კენტუკის შტატებში ბატარეის სამი ქარხნის ასაშენებლად $11.4 მილიარდს დახარჯავენ. კომპანიები ბატარეების ქარხნებთან ერთად ააშენებენ F სერიის ელექტრო პიკაპის ამწყობ ქარხანასაც. Ford-ის და SK Innovation-ის გეგმის განხორციელების შემთხვევაში, ეს აშშ-ს ავტომწარმოებლის ისტორიაში უდიდესი ინვესტიცია იქნება.

პროექტის მიხედვით, ელექტრო სატრანსპორტო საშუალებებისა და ბატარეების წარმოება ორ ლოკაციაზე მოხდება. ქარხნებში დასაქმდება თითქმის 11,000 ადამიანი. Ford-ი პროექტში $7 მილიარდს ჩადებს, ხოლო SK-ი $4.4 მილიარდს. პროექტი მუშაობას 2025 წლიდან დაიწყებს.

კომპანიის ტენესის ლოკაცია, რომელიც Blue Oval City-ის სახელით იქნება ცნობილი, ექვს კვადრატულ კილომეტრს დაიკავებს. ის სამჯერ აღემატება ისტორიულ Rouge Complex-ს, რომელიც ჰენრი ფორდმა მიჩიგანში საუკუნის წინ ააშენა. ლოკაციის გეგმა მოიცავს როგორც ბატარეების, ისე ამწყობ ქარხანას, რომელიც F სერიის პიკაპის ელექტრო ვერსიას, მის ყველაზე მომგებიან პროდუქტს აწარმოებს.

კენტუკიში Ford-ი ორ ბატარეის ქარხანას აამუშავებს. ჯამში კომპანიის სამ ბატარეის ქარხანას წელიწადში 1 მილიონზე მეტი ელექტრო ავტომობილის საწარმოებლად საკმარისი სიმძლავრე ექნება.

მას შემდეგ, რაც ერთი წლის წინ ჯიმ ფარლი Ford-ის დირექტორი გახდა, კომპანიის ელექტრო მომავალზე გადასვლის პროცესი დაჩქარდა.​ ავტომწარმოებლის გეგმის მიხედვით, კომპანია 2025 წლისთვის ელექტრომობილებში $30 მილიარდის ინვესტიციის ჩადებას აპირებს. Ford-ი გეგმავს გახდეს მოთამაშე ბაზარზე, სადაც ჯერჯერობით Tesla დომინირებს, ხოლო ტრადიციულ ავტომწარმოებლებში General Motors-ი ლიდერობს.

მიმდინარე თვეში Ford-მა ელექტრო F-150 Lightning პიკაპის წარმოება უკვე გააორმაგა. მოდელი მომავალ წელს გაიყიდება. კომპანიის Mustang Mach-E, რომელიც ბატარეაზე მუშაობს, ასევე აჭარბებს ბენზინზე მომუშავე ვერსიის გაყიდვებს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: კის ნაუტონი