
Apple-ისა და Tesla-ს მიმწოდებლებმა ჩინურ ქარხნებში წარმოება რამდენიმე დღით შეაჩერეს. წარმოების შეზღუდვის მიზეზი ენერგიის მოხმარების გამკაცრებული სახელმწიფო პოლიტიკაა. ელექტრონულ ტექნიკაზე მოთხოვნის პიკის სეზონზე, წარმოების შეფერხება მიწოდების ჯაჭვისთვის საფრთხეს წარმოადგენს.
ანალიტიკოსების მიხედვით, ჩინეთში ნახშირის მცირე მარაგი და რამდენიმე რეგიონში გამონაბოლქვის სტანდარტების გამკაცრება ინდუსტრიის შეფერხებას იწვევს, რაც ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ტემპს ანელებს.
Apple-ის მომწოდებელმა Unimicron Technology-მ განაცხადა, რომ მისმა სამმა ჩინურმა შვილობილმა კომპანიამ წარმოება 26 სექტემბრის შუადღიდან 30 სექტემბრის შუაღამემდე შეწყვიტა. კომპანია მიზეზად ადგილობრივი ხელისუფლების ელექტროენერგიის შეზღუდვის პოლიტიკას ასახელებს.
Apple-ის კიდევ ერთმა მიმწოდებელმა Concraft-მა, რომელიც კომპანიას iPhone-ისთვის სპიკერის ნაწილებს აწვდის, ასევე განაცხადა, რომ 5 დღით მუშაობას წყვეტს. კომპანიის განცხადებით, მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად არსებულ ინვენტარს გამოიყენებს.
ორი ტაივანური ჩიპების მწარმოებლის თქმით, მათი ობიექტები ჩინეთში ნორმალურად განაგრძობს მუშაობას.