LIVE

მინისტრი: პროგრესული გადასახადი საქართველოს სარგებელს არ მოუტანს

27 სექ 202113:29
3 წუთის საკითხავი
clock clock 897
მინისტრი: პროგრესული გადასახადი საქართველოს სარგებელს არ მოუტანს

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აცხადებს, რომ განვითარების ამ ეტაპზე საქართველოს ეკონომიკას პროგრესული გადასახადი სარგებელს ვერ მოუტანს.

მინისტრი საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) რეკომენდაციას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე პროგრესულ გადასახადზე საუბარი მართებული არაა.

"ზოგადად საერთაშორისო სავალუტო ფონდის პოზიციაა, რომ საშემოსავლო გადასახადი პროგრესული იყოს უფრო მეტად და განსხვავებული შემოსავლის მქონე პირები იბეგრებოდნენ სხვადასხვა განაკვეთით. ჩვენი პოზიციაა, რომ საქართველოს პროგრესული გადასახადი განვითარების ამ ეტაპზე არანაირ დამატებით, არსებით სარგებელს არ მოუტანს. გარდა იმისა, რომ ეს დამატებით რისკებსა და გართულებულ ადმინისტრირების პროცესს შეიცავს. ვფიქრობ, რომ პროგრესულ გადასახადზე საუბარი საქართველოს განვითარების ამ ეტაპზე ერთის მხრივ მართებული არ არის, ხოლო მეორე მხრივ რეალურად არანაირი შედეგის მომტანი არ იქნება ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის",- აცხადებს ფინანსთა მინისტრი.

"ბიზნეს ფორმულასთან" IMF-ს მუდმივმოქმედმა წარმომადგენელმა საქართველოში სელიმ ჩაკირმა განაცხადა, რომ მთავრობამ უნდა იფიქროს პროგრესული გადასახადების ამოქმედებაზეც:

„ამ ეტაპზე არ ვსაუბრობთ გადასახადების პირდაპირ ცვლილებაზე, თუმცა თუკი მსგავს ცვლილებას განიხილავს მთავრობა შესაძლოა დაფიქრება პროგრესულ საგადასახადო რეჟიმზეც - ეს კი ნიშნავს დაბალშემოსავლიანი მოსახლეობისთვის საგადასახადო ტვირთის შემცირებას, მაღალშემოსავლიანი ფენისთვის კი პირიქით გაზრდას - თუმცა მსგავსი საკითხი მთავრობასთან არ განგვიხილავს",- აღნიშნა მან.