LIVE

Starbucks-ი უახლოეს მომავალში საქართველოში მაღაზიის გახსნას არ გეგმავს

27 სექ 202111:22
3 წუთის საკითხავი
clock clock 2617
Starbucks-ი უახლოეს მომავალში საქართველოში მაღაზიის გახსნას არ გეგმავს
SeongJoon Cho/Bloomberg

მსოფლიოს ყავის ბაზრის ლიდერი კომპანია Starbucks-ი უახლოეს მომავალში საქართველოში მაღაზიის გახსნას არ გეგმავს. ამის შესახებ "ბიზნეს ფორმულას" Starbucks-ის პრესასთან ურთიერთობის სამსახურიდან აცნობეს.

"ჩვენ ყოველთვის ვეძებთ ახალ ადგილებს და შესაძლებლობებს, რათა Starbucks–ის გამოცდილება მივიტანოთ მომხმარებლებამდე ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის (EMEA) რეგიონში, მაგრამ ამ დროისთვის საქართველოსთან დაკავშირებით სიახლე არ გვაქვს",- ნათქვამია კომპანიის წერილში. 

მედიაში არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია, რომ შემომყვანი კომპანიის მეშვეობით, ცნობილი ბრენდის ყავა ხელმისაწვდომი თბილისშიც იქნებოდა. ბოლო ინფორმაციით მაღაზიის გახსნა "თბილისი მოლში" იგეგმებოდა, თუმცა ამ დრომდე Starbucks-ს საქართველოში ოფიციალური მაღაზია არ აქვს. 

1971 წელს დაარსებულ ყავის უმსხვილესი კომპანია 80-ზე მეტ ქვეყანაში 32 000 მაღაზიითაა წარმოდგენილი. 

მსოფლიოში ყავის უმსხვილესი ქსელი გამორჩეულია თავისი "მწვანე პოლიტიკით" და კამპანიების მრავალფეროვნებით. ამჯერად ის მრავალჯერადი ჭიქების გამოყენების წახალისების მიზნით ახალი ინიციატივით გამოვიდა. 

28 სექტემბრიდან ქვეყნების ნაწილში ყავის შეძენისას კომპანია მომხმარებლებს უფასო მრავალჯერად ჭიქებს დაურიგებს. ამისთვის Starbucks-ი აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში 2 მილიონამდე მრავალჯერად ჭიქას გამოყოფს. მათი გამოყენება დაახლოებით 30-ჯერ იქნება შესაძლებელი. 

კომპანია საკუთარი ჭიქით მისულ მომხმარებლებს გარკვეული დროით ფასდაკლებას შესთავაზებს, ზოგ ქვეყანაში კი ასეთებისთვის ყავა უფასო იქნება.

Starbucks-ში მიიჩნევენ, რომ ადამიანები ამ გზით მრავალჯერადი ჭიქების გამოყენებას მიეჩვევიან, რაც ნაკლები ნარჩენის წარმოქმნას შეუწყობს ხელს.