LIVE

ევროკავშირში გაზის ფასის ზრდაში რუსული Gazprom-ის როლის გამოძიებას ითხოვენ

17 სექ 202119:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 711
ევროკავშირში გაზის ფასის ზრდაში რუსული Gazprom-ის როლის გამოძიებას ითხოვენ

ევროპარლამენტის პოლიტიკური ჯგუფები ევროკომისიას მოუწოდებენ, გამოიძიოს Gazprom-ის როლი ბუნებრივი გაზის ფასების ზრდაში.

“მოვუწოდებთ ევროკომისიას, სასწრაფოდ დაიწყოს გამოძიება Gazprom-ის მიერ ბაზრის განზრახ მანიპულირებისა და ევროკავშირის კონკურენციის წესების პოტენციური დარღვევის გამო”,- ნათქვამია კანონმდებლების წერილში.

ევროპაში მიწოდების შეფერხებამ რეკორდულ მაჩვენებლებს მიაღწია, შეამცირა კონტინენტის ზოგიერთი ინდუსტრიული გიგანტის მოგება და საფრთხე შეუქმნა რეგიონის ეკონომიკურ აღდგენას. საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს მონაცემებით, გაზის ფასი წელს სამჯერ გაიზარდა და შესაძლოა “უახლოეს კვირებში” კვლავ გაიზარდოს.

სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი რუსული გაზის ექსპორტიორის ბოლოდროინდელი ქმედებები აჩენს ეჭვებს ენერგიის ფასების მიზანმიმართული ზრდის შესახებ ევროპაში პოლიტიკური ზეწოლის განსახორციელებლად, განაცხადა პარასკევს ევროკავშირის საკანონმდებლო ორგანოს 40-ზე მეტმა წევრმა. Gazprom-ს სურს Nord Stream 2-ის მილსადენის ამოქმედება, რომლის მშენებლობა დასრულდა და ახლა მარეგულირებელი ნებართვის მოლოდინშია.

გაზის დეფიციტის ერთ-ერთი მიზეზი კი რუსეთიდან ექსპორტის ნაკლებობაა. 

ევროკავშირის კანონმდებლებმა მიუთითეს Gazprom-ის მიერ ზოგიერთი საწარმოო ობიექტის დახურვაზე, კომპანიის უუნარობაზე, უზრუნველყოს სატრანსპორტო შესაძლებლობები არსებული მილსადენებით და მისი უარი ზაფხულში დამატებითი მარაგების გარანტირებაზე.

ევროკომისიამ დაადასტურა, რომ მიიღო წერილი, მაგრამ თავი შეიკავა რაიმე შესაძლო ქმედების შესახებ კომენტარისგან.

Gazprom-ის აღმასრულებელი დირექტორის, ალექსეი მილერის თქმით, კომპანია რჩება საიმედო მიმწოდებლად და შეძლებს დააკმაყოფილოს ევროპული მოთხოვნა მომავალ ზამთარში, “რაც არ უნდა ცივი იყოს ამინდი”.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ევა კრუკოვსკაია, ოლგა ტანასი და დინა ხრენიკოვა