LIVE

არის თუ არა მიუ შტამი დელტაზე საშიში?

16 სექ 202121:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 7412
არის თუ არა მიუ შტამი დელტაზე საშიში?
NIAID-RML

ბოლო თვეებში უაღრესად გადამდებმა დელტა შტამმა მთელ მსოფლიოში Covid-19-ის შემთხვევებისა და გარდაცვალების ახალი ტალღა გამოიწვია, რამაც ბევრ ქვეყანაში ლოკდაუნის დასრულება და ეკონომიკის აღდგენა შეაფერხა. ახლა კიდევ ერთი ახალი შტამი, მიუ გამოჩნდა და არაერთ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოს მეზობლად, თურქეთში დაფიქსირდა. 

Bloomberg-ის ერთ-ერთი ავტორი, სემ ფაზელი, რომელიც ფარმაცევტულ ინდუსტრიას Bloomberg Intelligence–თვის მიმოიხილავს, პასუხობს შტამთან დაკავშირებულ შეკითხვებს.

რამდენად შემაშფოთებელია მიუ შტამი?  

ძალიანაც არა, ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით. ყველა მუტაციას აქვს თეორიული შანსი, რომ ვირუსი უფრო გადამდები გახადოს, შექმნას საკუთარი ანალოგი და გავრცელდეს. მუტაციას ან მუტაციების ჯგუფს „საინტერესოს“ (VOI) ან „შემაშფოთებელს“ (VOC) ხდის ის, თუ რამდენად გამოჩნდებიან ისინი მოსახლეობის დიდ ნაწილში და რამდენად ხშირად.

მიუ ვარიანტი დომინანტურია კოლუმბიაში, სადაც მან გამა ვარიანტი ჩაანაცვლა. მიუხედავად იმისა, რომ კოლუმბიაში ვირუსის შემთხვევების შეფასება ძნელია, გაანალიზებული გენომური კვლევის მცირე რაოდენობის გათვალისწინებით, ბოლო დროს იქ დელტა შტამის შემთხვევების რიცხვი გაიზარდა.

სხვა ქვეყნებს რომ გადავხედოთ, სადაც უფრო მეტი კვლევა ტარდება, მაგალითად, ავსტრია, ჩილე, მექსიკა და ესპანეთი, ცხადი გახდება, რომ იქ მიუ ვარიანტი არ არის ისეთი "მორგებული", როგორც დელტა, რომელმაც ყველა სხვა ვარიანტი ჩაანაცვლა.

რა განაპირობებს ვირუსის შტამის გამძლეობას ვაქცინაციით შეძენილი იმუნიტეტის მიმართ?

ვირუსსა და მასპინძელ ორგანიზმს შორის მიმდინარეობს მუდმივი ბრძოლა. ვირუსი აინფიცირებს ინდივიდს, რომელიც იშველიებს მის წინააღმდეგ იმუნურ რეაქციას - თავდაპირველად ანტისხეულებს, რასაც მოჰყვება უჯრედული იმუნიტეტი, ანუ "T- უჯრედები" და შემდეგ "იმუნური მეხსიერება". ვირუსში შემთხვევითი მუტაციები აძლევს მას შესაძლებლობას, გახდეს რეზისტენტული პირველადი ანტისხეულების მიმართ, რაც მას უფრო გადამდებს ხდის ადრე ინფიცირებული ადამიანების მიმართ.

მსგავსი სიტუაცია შესაძლებელია შეგვხვდეს იმ ადამიანებში, რომლებიც აცრილები არიან, მაგრამ იმუნური სისტემაც აგრეთვე ვითარდება და აწარმოებს ანტისხეულების ჯგუფს, რაც საშუალებას აძლევს მას ამოიცნოს ახალი მუტანტები ან შტამები.

მუტაციები, რომლებიც ვირუსს შესაძლებლობას აძლევენ, აარიდოს თავი ვაქცინით მიღებულ ანტისხეულებს, როგორც წესი, წარმოიქმნება "სპაიკ" ცილის "კაუჭა" ადგილებში, სადაც ანტისხეულები ბოჭავენ და აჩერებენ ინფექციას.

მათგან ყველაზე აქტუალურია მუტაცია ცილის ეგრეთ წოდებულ 484 პოზიციაზე, რომელიც დაფიქსირდა ბეტა, გამა, კაპა, ეტა, იოტა და მიუ შტამებში.

რა აქვს დელტას ისეთი, რომელმაც დომინანტი გახადა იმ შტამებთან კონკურენციისასაც კი, რომლებსაც უფრო მეტი მუტაცია აქვს?

ამ კითხვას მივყავართ მნიშვნელოვან მოსაზრებამდე. მიუხედავად იმისა, რომ ზუსტად არ არის ცნობილი, რატომ არის დელტა შტამი უფრო გადამდები, ვიდრე სხვა შტამები, ვარაუდობენ, რომ მას შეიძლება რაიმე კავშირი ჰქონდეს საკვანძო მუტაციასთან 681 პოზიციაზე, რომელიც ასევე გვხვდება მიუ, კაპა და ალფა ვარიანტებში.

ასე რომ, ცხადია, ეს მხოლოდ ამ ერთი მუტაციის ბრალი არაა, იმის გათვალისწინებით, რომ დელტა შტამმა უფრო მალე განიცადა მუტაცია ყველგან, სადაც გავრცელდა. დელტას უნარი, სხვა ვარიანტებზე უფრო სწრაფად დააინფიციროს და უფრო სწრაფად გამრავლდეს, ასევე აისახება მის უნარზე, დააინფიციროს ვაქცინირებული ადამიანები. თუ არ არის საკმარისი ანტისხეულები ინფიცირების ადგილებში (ცხვირში ან ყელში), მაშინ ვირუსს ექნება უფრო გაკვალული გზა. დელტას შემთხვევაში შეინიშნება ვირუსული ნაწილაკების სწრაფი ზრდა. ასე რომ, ინფექცია ვრცელდება არა მხოლოდ იმიტომ, რომ ვირუსი უკეთესად ირიდებს ვაქცინის, ან წინა ინფექციის შედეგად მიღებულ ანტისხეულებს, არამედ იმიტომ, რომ პირველადი ინფიცირების პერიოდი ძალიან სწრაფია საიმისოდ, რომ იმუნურმა სისტემამ რეაგირება მოასწროს, განსაკუთრებით მათში, ვინც აცრილი იყო რამდენიმე თვის წინ და ანტისხეულების დონის მოსალოდნელ ვარდნას განიცდის.

საკმარისად ვაკვირდებით თუ არა პროცესს საიმისოდ, რომ ახალი ვარიანტების გაჩენა არ გამოგვეპაროს?

არა, ჩვენ გვჭირდება ბევრად უფრო მეტი გენომური კვლევა, ვიდრე ამ მომენტში გვაქვს. არსებობს კვლევის მაღალი დონე ზოგიერთ ქვეყანაში, როგორიცაა გაერთიანებული სამეფო და დანია, მაგრამ სხვებში ეს მაჩვენებელი მაინც ძალიან დაბალია ერთ სულ მოსახლეზე გათვლით.

ამ შემთხვევაში არ იგულისხმება მხოლოდ შემთხვევების რაოდენობის აღრიცხვა, არამედ გამოკვლევა თუ რამდენად სწრაფად ხდება მათი გადაცემა. მაგალითად, CoVariants.org-ის მონაცემების საფუძველზე, დიდმა ბრიტანეთმა 23 აგვისტოდან 6 სექტემბრის ჩათვლით GISAID-ის ბაზაში (ვირუსების შესახებ ინფორმაციის გაზიარებისა და მეთვალყურეობის გლობალური მცდელობა) შეიტანა 50 000-მდე ჩანაწერი, ხოლო საფრანგეთმა იმავე პერიოდში წარადგინა სულ რაღაც124 მონაცემი, რაც არსებითად გვავარაუდებინებს, რომ მან ნამდვილად არ იცის რა ხდება ქვეყანაში.

ზოგს სჯერა, რომ ვაქცინაცია ვირუსს უფრო რეზისტენტულს გახდეს, ისევე როგორც ანტიბიოტიკები ბაქტერიებს, მაგრამ ეს ხომ არასწორია?

მე ეს ხშირად მესმის და მაშფოთებს. ვაქცინების სიტუაცია განსხვავებულია ანტიბიოტიკებთან შედარებით. ვაქცინები და ბუნებრივი ინფექციები წარმოქმნიან იმუნურ პასუხს ორ სხვადასხვა დონეზე - ანტისხეულებისა და T-უჯრედების - მრავალ განსხვავებულ ადგილზე, რომლებიც ეპიტოპების სახელითაა ცნობილი. T- უჯრედებს ასევე შეუძლიათ მიზანში ამოიღონ ეპიტოპები ანტისხეულებისგან განსხვავებული გზით. იმუნური პასუხი ბუნებრივად ვითარდება დროთა განმავლობაში. მიუხედავად იმისა, რომ იმუნური სისტემის გამანადგურებელი ვირუსული ვარიანტები ვითარდება, სიტუაცია არ არის ანტიბიოტიკური რეზისტენტულობის ანალოგიური. შენ შეგიძლია გაიუმჯობესო იმუნიტეტი ვაქცინის დამატებითი დოზით.

იმუშავებენ თუ არა ვაქცინები მიუს წინააღმდეგ?

გახსოვდეთ, ვაქცინები არ არის შექმნილი ინფიცირების თავიდან ასაცილებლად, მათი დანიშნულება სერიოზული დაავადების პრევენციაა. სანამ ვაქცინით გამოწვეულ იმუნიტეტს შეუძლია თავიდან აიცილოს მძიმე დაავადებები, გართულებები, ჰოსპიტალიზაცია და სიკვდილი, მანამდე საქმე კარგადაა.

ვიცით, რომ მიუს შეუძლია თავი აარიდოს ანტისხეულებს დაახლოებით იმავე ხარისხით, როგორც დღემდე ყველაზე გავრცელებულ ვარიანტებს, მაგალითად, ბეტას. ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ მას შეუძლია დააინფიციროს მათ შორის ისინი, რომლებიც აცრილები არიან (ისევე, როგორც დელტას), მათი პირველადი ანტისხეულების გვერდის ავლით ცხვირ-ხახის არეში.

კვლევა ძალიან ცოტას ამბობს იმაზე, შეიძლება თუ არა ამან გამოიწვიოს დაავადება იმის გათვალისწინებით, რომ იმუნური სისტემა იწყებს მრავალი ანტისხეულის წარმოქმნას და უჯრედული იმუნიტეტი ასრულებს გადამწყვეტ როლს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: სემ ფაზელი