LIVE

დელტა ვარიანტის გავრცელებამ ჩინეთის ეკონომიკა შეასუსტა

19 სექ 202111:03
3 წუთის საკითხავი
clock clock 934
დელტა ვარიანტის გავრცელებამ ჩინეთის ეკონომიკა შეასუსტა
Bloomberg

აგვისტოში ჩინეთის ეკონომიკურმა ზრდამ ძლიერი დარტყმა მიიღო. ჩინეთის ეკონომიკის ზრდის შენელება გლობალური ეკონომიკური გაჯანსაღების შესახებ აჩენს კითხვებს, რადგან ქვეყნები ჯერ კიდევ იბრძვიან კოვიდის დელტა ვარიანტის გასაკონტროლებლად.

ჩინეთის საცალო გაყიდვების ზრდა 2.5%-მდე შენელდა წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით, რაც გაცილებით დაბალია, ვიდრე Bloomberg-ის 7%-იანი პროგნოზი. გასათვალისწინებელია ისიც, რომ მომხმარებლებმა ზაფხულის არდადეგების დროს ხარჯები შეამცირეს. ჩინეთის სამშენებლო ინვესტიციები რვა თვეში 3,2%-ით შემცირდა, რაც მთავრობის მიერ კერძო საკუთრების შეზღუდვების გამკაცრების შედეგია.

ქვეყნის შენელებული ეკონომიკური ზრდა ხაზს უსვამს იმას, თუ როგორ იწვევს კორონავირუსის დელტა ვარიანტის გავრცელება მსოფლიოს ეკონომიკური აღდგენის შეფერხებას. ამასთან, მშენებლობების შენელება, რამაც აგვისტოში ჩინეთის ფოლადის გამომუშავება 17 თვის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაიყვანა, ჩინეთის მოთხოვნას ამცირებს ისეთ საქონელზე, როგორიცაა, მაგალითად, რკინის მადანი.

მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთმა სწრაფად მოახერხა ახალი ეპიდაფეთქების კონტროლი, მიმდინარე თვეში სამხრეთ ჩინეთში შეიქმნა ვირუსების ახალი კლასტერი, რაც იძლევა ვარაუდის საფუძველს, რომ მომხმარებლები ფრთხილად ყოფნას გააგრძელებენ.

ჩინეთის მთავრობა ჯერჯერობით თავს იკავებს ეკონომიკის მხარდასაჭერად ფართო სტიმულისგან, თუმცა პოლიტიკის შემქმნელები აძლიერებენ მიზნობრივ პროგრამებს მცირე ბიზნესისთვის. ოფიციალური პირები ფისკალური მხარდაჭერის დაპირებას ადგილობრივი მთავრობის ობლიგაციების გამოყენებით იძლევიან. 

ბევრი ეკონომისტი ელოდება, რომ ჩინეთის სახალხო ბანკი ივლისში მოულოდნელი შემცირების შემდეგ, ბანკებისთვის სარეზერვო მოთხოვნების თანაფარდობას კვლავ შეამცირებს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატია