
„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის“ (WHO) სპეციალური წარმომადგენელი აცხადებს, რომ მაშინ, როცა მსოფლიოში დიდი ნაწილი კვლავ აუცრელია, იმატებს რისკი, რომ გაჩნდება ვარიანტები, რომლების მიმართაც ვაქცინები ეფექტურობას დაკარგავს. ამიტომ მდიდარმა ქვეყნებმა მოსახლეობის „ბუსტერით“ აცრის ნაცვლად, ვაქცინები დაუცველი ადამიანების ვაქცინაციისკენ უნდა მიმართონ.
„ვარიანტები, რომლებსაც ვაქცინის დაცვისგან თავის დაღწევა შეუძლიათ, უახლოეს თვეებში და წლებში მთელ მსოფლიოში გამოჩნდება. ეს არის მიმდინარე ბრძოლა და ჩვენ გვჭირდება ერთად მუშაობა”,- თქვა WHO-ს წარმომადგენელმა დევიდ ნაბარომ დღეს Bloomberg-თან ინტერვიუში.
ნაბარომ კიდევ ერთხელ მოუწოდა ქვეყნებს, რომ შეამცირონ ღარიბ და მდიდარ ქვეყნებს შორის ვაქცინაციასთან დაკავშირებული უთანასწორობა. მისი თქმით, ლიდერებმა გლობალური საჭიროებები შიდა დღის წესრიგზე მაღლა უნდა დააყენონ.
„სამყარო ებრძვის სახიფათო ვირუსს, რომელიც მუდმივად ვითარდება, ჩნდება ახალი ვარიანტები და მომავალში კიდევ გაჩნდება. ვფიქრობ, რომ ვირუსი უახლოეს მომავალში არსად წავა”,- ამბობს ის.
ჯანმოს განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ახალი „შემაშფოთებელი“ ვარიანტების წინააღმდეგ ვაქცინების დაცვის დონემ შედარებით იკლო, ისინი ეფექტიანობას დიდწილად ინარჩუნებენ.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჯეიმს პატონი