LIVE

რატომ ვამჯობინე iPhone-ს Samsung Galaxy? - მოსაზრება

10 სექ 202119:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 1406
რატომ ვამჯობინე iPhone-ს Samsung Galaxy? - მოსაზრება
Samsung

მსოფლიოში ყველაზე გაყიდვადი სმარტფონი შეიძლება სულაც არ იყოს ლიდერი, როდესაც საქმე გლობალური პანდემიის დროს ცხოვრების მართვას ეხება. ყოველ შემთხვევაში, მე ამას მივხვდი და ამიტომაც ვთქვი უარი ჩემს iPhone-ზე.

ჩვეულებრივ, iPhone-ის გაცვლა კონკურენტ გაჯეტზე, Apple-ის ყოველწლიური სექტემბრის iPhone-ის გამოშვებამდე რამდენიმე კვირით ადრე საუკეთესო გადაწყვეტილებად ნამდვილად არ ითვლება, მაგრამ აგვისტოს დასაწყისში მე ზუსტად ასე მოვიქეცი. კარგი შეთავაზების მიღების შემდეგ, ჩემი ორი წლის წინ გამოშვებული iPhone 11 Pro გავცვალე Samsung Electronics-ის მიერ იანვარში გამოშვებულ Galaxy S21 Ultra-ში, რომელიც Alphabet-ის Google ანდროიდის ოპერაციული სისტემით მუშაობს. მიუხედავად იმისა, რომ Apple-ის ახალ ნივთს უფრო ადრე გამოშვებული სმარტფონი ვამჯობინე, ბედნიერი ვარ, ამ ცვლილებით.

გულახდილად რომ ვთქვა, ეს გადაწყვეტილება ბრმად არ მიმიღია. Bloomberg News-ის წყალობით, კარგად ინფორმირებული ვარ იმ ახალი ფუნქციების შესახებ, რასაც შეიძლება შემდეგი თაობის iPhone-სგან ველოდო. განახლებების სიმცირემ ცვლილება გამიიოლა.

ივლისში დაიწერა, რომ Apple-ის 2021 წლის მოდელებს ექნებათ მხოლოდ უმნიშვნელო გაუმჯობესება - უფრო სწრაფი პროცესორი, უკეთესი კამერა და გაუმჯობესებული ეკრანი. გავრცელებული ინფორმაციით, ის არ შეიცავს თითის ანაბეჭდის სკანერს. ეს უკანასკნელი პუნქტი არის ერთ-ერთი ორი ძირითადი მიზეზიდან, რის გამოც Samsung-ის ტელეფონი უფრო გამოყენებადია Covid-19-ით მოცულ მსოფლიოში.

iPhone-ის მფლობელებმა იციან, რომ ნიღბები და FaceID-ის კითხვის ტექნოლოგია არ ეთავსება ერთმანეთს. ამის საპირისპიროდ, S21 Ultra-ს თითის ანაბეჭდის მკითხველი ძალიან მოსახერხებელია. მართალია, iPhone-ის მფლობელებს შეუძლიათ პირბადე ჩამოიწიონ და აჩვენონ თავიანთი სახე ყოველ ჯერზე, როდესაც მათ ტელეფონის განბლოკვა სურთ ან შეცვალონ პარამეტრები და სახის ამოცნობის ნაცვლად შეიყვანონ პაროლი, მაგრამ ეს დამატებით უსაფრთხოებაზე უარის თქმას ნიშნავს.

ამას გარდა, Samsung-ის ტელეფონის კამერის მძლავრი ოპტიკური მახასიათებლები მომხმარებლებს საშუალებას აძლევენ გადაიღონ მკაფიო, კარგი ხარისხის ფოტოები უფრო შორი მანძილიდან, რაც დიდი პლუსია სოციალური დისტანცირების ეპოქაში. ალბათ S21 Ultra-ს საუკეთესო მახასიათებელია მისი ეკრანი. 

მიუხედავად იმისა, რომ ის სულ რაღაც თვეების წინ გამოვიდა, Samsung-ის ეკრანი, სავარაუდოდ, დიდხანს დარჩება საუკეთესოდ. თითქმის ყველა ტექნოლოგიური მიმომხილველი ლაპარაკობს მის ლამაზ ფერებსა და სიმკვეთრეზე, რასაც ვეთანხმები.

Samsung-ი, ასევე, იყენებს ტექნოლოგიას, რომელიც ხშირად განაახლებს ეკრანს, რაც მას უფრო მოქნილს და ადვილად აღქმადს ხდის სოციალური მედიის არხებისა და ვებგვერდების გამოყენებისას. Bloomberg-ის ავტორის, მარკ გურმანის თქმით, მსგავსი განახლების მაჩვენებელი შესაძლოა ჰქონდეს შემოდგომაზე გამოშვებულ ერთ ან მეტ iPhone-ს) და ეკრანს აქვს სტილუსი, რაც აიოლებს ჩანაწერების გაკეთებას და ნებისმიერი ელექტრონული დოკუმენტის მარკირებას.

რა თქმა უნდა, Apple-ს iOS ოპერაციული სისტემიდან ანდროიდზე გადასვლას უპრობლემოდ არ ჩაუვლია. მოწყობილობის კონფიგურაციას რამდენიმე საათი დასჭირდა - მათ შორის ჩემი კონტაქტების გადაცემასა და პროგრამების დაყენებას. ბედის ირონიით, ყველაზე პრობლემური საკითხი იყო Apple AirPods Pro-ს დაკავშირება, რადგან კავშირი არ მყარდებოდა. ამან მაიძულა შემეძინა კიდევ ერთი ნაკრები სპეციალურად ანდროიდ ტელეფონისთვის. 

დიახ, მე ვიცი, რომ iPhone-ის გულშემატკივართა უმეტესობა არასოდეს იფიქრებს შეცვლაზე. მათთვის, ვისაც ღია გონება აქვს, სმარტფონის სხვა ვარიანტები ხელმისაწვდომია უფრო კარგი მახასიათებლებით ბევრად უფრო დაბალ ფასად. ბევრი ანდროიდის ტელეფონი გამოშვების შემდეგ მნიშვნელოვნად ფასდაკლებულია.

იმის გათვალისწინებით, რომ Apple ისტორიის მანძილზე იყენებს Samsung-ის აპარატურის ფუნქციებს - უკაბელო დატენვიდან და OLED ეკრანებიდან დაწყებული, iPhone 6-ის ეკრანის უფრო დიდი ზომებით დამთავრებული, შეცვლით თქვენ შესაძლოა მომავლის გემოც იგრძნოთ.

ჩემთვის ეს იყო დრამატული განახლება, რამაც ჩემი ცხოვრება უფრო პროდუქტიული გახადა. თუ თქვენ არ გადარდებთ, იყოთ „მწვანე ბუშტი“ თქვენს iMessage ჩატებში, შეიძლება თქვენც იგივე გააკეთოთ. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ტაე კიმი