
ბელგია და ნიდერლანდები ევროპაში კოკაინის ტრეფიკინგის მთავარი კერები გახდნენ და ესპანეთი ჩაანაცვლეს, როგორც ევროპის ქვეყნებში შესვლის მთავარი მარშრუტი.
ევროპული პოლიციის სააგენტოს (Europol) მოხსენებაში ნათქვამია, რომ კრიმინალური ორგანიზაციები, განსაკუთრებით კოლუმბიიდან, იყენებენ როტერდამის (ნიდერლანდები), ჰამბურგის (გერმანია) და განსაკუთრებით ანტვერპენის (ბელგია) ნავსადგურებს ნარკოტიკების ნიდერლანდებში შესატანად, საიდანაც ისინი მთელ ევროპაში ვრცელდება.
“ევროპაში კოკაინის ბაზრის ეპიცენტრი ჩრდილოეთით გადავიდა”,- ნათქვამია ანგარიშში, რომელიც შედგენილია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ნარკოტიკებთან და დანაშაულთან ბრძოლის ოფისთან (UNODC) თანამშრომლობით.
ჩრდილოეთ ზღვის სანაპიროებმა “ჩაანაცვლა პირენეს ნახევარკუნძული, როგორც ევროპაში კოკაინის მთავარი შესასვლელი წერტილი”.
ევროპოლის ანგარიშის თანახმად, 2020 წელს ანტვერპენში ამოღებულმა მოცულობამ 65.6 ტონა შეადგინა.
თებერვალში გერმანიამ და ბელგიამ რეკორდული, 23 ტონა ნარკოტიკი ამოიღეს, რომელიც კონტეინერებში იყო გადამალული.
მოხსენებაში ნათქვამია, რომ ევროპული კოკაინის ბაზარი მნიშვნელოვნად გაიზარდა მარაგის ზრდის გამო, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც 2016 წელს, FARC (კოლუმბიის რევოლუციური შეიარაღებული ძალები) მარქსისტ პარტიზანებსა და კოლუმბიის მთავრობას შორის სამშვიდობო შეთანხმებამ სხვადასხვა ჯგუფების გაჩენა გამოიწვია, რომლებიც კონკურენციას უწევენ კოკაინის წარმოების კონტროლს.
კანაფის შემდეგ, კოკაინი მეორე ყველაზე ფართოდ გავრცელებული ნარკოტიკია დასავლეთ და ცენტრალურ ევროპაში. უახლესი შეფასებით, 2020 წლისთვის მომხმარებელთა რიცხვი 4.4 მილიონამდეა.