LIVE

"აიცერი და მოიგე" - ლატარიის დეტალები

07 სექ 202116:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 2496
"აიცერი და მოიგე" - ლატარიის დეტალები

მთავრობის მიერ დაანონსებულ ლატარიასთან დაკავშირებით ლატარიის ეროვნული კომპანია განცხადებას ავრცელებს. კომპანიის ინფორმაციით, ყველა ადამიანს, ვინც ერთხელ მაინც არის აცრილი ან აიცრება, ფულის მოგების შესაძლებლობა ექნება. 

კერძოდ, ყოველ დღე გათამაშდება 100 და 500 ლარი, ყოველკვირეულად 1000-დან 10 000 ლარამდე, ხოლო შემაჯამებელ გათამაშებაში, რომელიც 31 დეკემბერს "საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში გაიმართება, გათამაშდება 100 000 ლარი. ლატარიის გათამაშებები გაიმართება ვებგვერდზე www.stopcov.lotto.ge-ზე ყოველდღე 12:00 საათზე, ხოლო ყოველკვირეული - ორშაბათს, ყოველდღიური ლოტოს გათამაშების დასრულებისთანავე.

StopCovid ლატარიის "აიცერი და მოიგეს" გათამაშების ბილეთებს აცრილი ბენეფიციარები სახელმწიფოსგან ვაქცინაციის დროს უფასოდ მიიღებენ.

ლატარიაში მონაწილეობს ყველა ვაქცინირებული ადამიანი მთელი საქართველოს მასშტაბით, ვაქცინირებული მომხმარებლების იდენტიფიცირება პირველი აცრის რეგისტრაციისას NDCD-ის ბაზაში მინიჭებული საიდენტიფიკაციო კოდის მიხედვით მოხდება.

მოქალაქე, რომელმაც ვაქცინაცია ლატარიის ამოქმედებამდე, 13 სექტემბრამდე ჩაიტარა, მონაწილეობას მიიღებს "აიცერი და მოიგეს" ყველა გათამაშებაში. 

StopCovid ლატარიის ვაქცინირების დროს მიღებული ბილეთი ვალიდურია ყველა გათამაშების განმავლობაში, მანამდე სანამ ბილეთზე არ დაფიქსირდება მოგება. მაგალითად, თუ მოქალაქის ბილეთმა ერთხელ გაიმარჯვა ყოველდღიურ გათამაშებაში, მაშინ მისი ბილეთი აღარ მონაწილოებს მომდევნო ყოველდღიურ გათამაშებაში, მაგრამ მიიღებს მონაწილეობს ყოველკვირეულ და შემაჯამებელ გათამაშებებში, თუ ბილეთმა მოიგო ყოველკვირეულ გათამაშებაში, ის შემდგომში მონაწილეობას მიიღებს შემაჯამებელ გათამაშებაში.

კომპანიაში ასევე აცხადებენ, რომ რაც უფრო მალე ჩაიტარებს ადამიანი ვაქცინაციას, მით უფრო ბევრ გათამაშებაში მიიღებს მისი ლატარიის ბილეთი მონაწილეობას და გაიზრდება მისი მოგების შანსი.

ლატარიაში მოგების შესახებ ინფორმაციას მომხმარებელი მიიღებს რეგისტრაციის დროს მითითებულ მობილურ ნომერზე, მოგების იდენტიფიცირება მოხდება ასევე პირველი რეგისტრაციის დროს NDCD-ის ბაზაში მინიჭებული საიდენტიფიკაციო კოდის მიხედვით. გათამაშებების ტრანსლირება და შედეგების ნახვა შესაძლებელია საიტზე: www.stopcov.lotto.ge-ზე.

18 წლამდე აცრილი პირის ლატარიის ბილეთი გადაეცემა მშობელს, მეურვეს ან ოჯახის სრულწლოვან წევრს.

1000 ლარამდე მოგების განაღდება შესაძლებელია "საქართველოს ეროვნული ლატარიის" სერვის-ცენტრებში, რომლებიც განლაგებულია ყველა მსხვილ სავაჭრო მოლში მთელი საქართველოს მასშტაბით, ხოლო 1000 ლარზე მეტის მოგების შემთხვევაში მოგებულს თანხა ჩაერიცხება მის პირად საბანკო ანგარიშზე.

"ლატარიის ჩატარების მიზანია ვაქცინაციის პროცესის ხელშეწყობა, ვაქცინირებული ადამიანების რაოდენობის, ვაქცინაციის პროცესისადმი ლოიალურობისა და სანდოობის გაზრდა",-აცხადებენ ლატარიის კომპანიაში.