LIVE

ვაქცინები „გახანგრძლივებული კოვიდის“ რისკს ამცირებენ - კვლევა

06 სექ 202121:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 865
ვაქცინები „გახანგრძლივებული კოვიდის“ რისკს ამცირებენ - კვლევა
IMAGE SOURCEGETTY IMAGES

ლონდონის King's College-ის ხელმძღვანელობით ჩატარებული კვლევის მიხედვით, Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები არა მხოლოდ ინფიცირებისგან და დაავადების გართულებისგან გვიცავენ, არამედ „გახანგრძლივებული კოვიდის“ რისკსაც ამცირებენ.

კვლევა ადასტურებს, რომ სრულად ვაქცინირებულ კოვიდინფიცირებულებში დაავადების სიმპტომების 4 კვირაზე დიდხანს გაგრძელების ალბათობა 50%-ით ნაკლებია.

ინფიცირებულების დიდი ნაწილი ოთხი კვირის განმავლობაში გამოჯანმრთელდება, მაგრამ ზოგიერთ მათგანს სიმპტომები კიდევ უფრო დიდხანს - კვირების და ზოგჯერ თვეების განმავლობაში უგრძელდება, რასაც ზოგჯერ "გახანგრძლივებული კოვიდის" სახელით მოიხსენიებენ და ის შეიძლება მსუბუქად მიმდინარე ინფიცირების შემდეგად განვითარდეს.

The Lancet-ში გამოქვეყნებული კვლევის ავტორების თქმით, აშკარაა, რომ ვაქცინაცია გადაარჩენს სიცოცხლეს და თავიდან ააცილებს სერიოზულ დაავადებებს, მაგრამ დაავადების გრძელვადიან განვითარებაზე ვაქცინების გავლენა ნაკლებად ცნობილია.

მკვლევრებმა 2020 წლის დეკემბრიდან ივლისამდე აპლიკაცია Zoe Covid Study-ის მეშვეობით შეგროვებული ნაწილობრივ და სრულად ვაქცინირებული პირების თვითშეფასებული სიმპტომები და ტესტის შედეგები გაანალიზეს. ჯამში მათ 1.2 მილიონი ერთჯერად აცრილი და 1 მილიონამდე სრულად ვაქცინირებული ადამიანების მონაცემები შეისწავლეს. 

მკვლევრებმა დაადგინეს, რომ:

  • ორჯერადად ვაქცინირებული ადამიანების მხოლოდ 0.2%-მა თქვა, რომ კოვიდი ვაქცინაციის შემდეგ ჰქონდათ (2370 შემთხვევა);
  • 592 სრულად აცრილი კოვიდინფიცირებული აგრძელებდა სიმპტომების აღწერას თვეზე მეტი ხნის განმავლობაში. მათგან 31-ს (5%) დაუდგინდა „გახანგრძლივებული კოვიდი“;
  • არავაქცინირებულ ჯგუფში ეს მაჩვენებელი იყო დაახლოებით 11%.

მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ ვაქცინაციის შემდეგ ზოგ ადამიანს ინფექციებს უფრო მაღალი რისკი აქვს. ასეთ ჯგუფში შედიან სუსტი, ხანდაზმული ადამიანები და ისინი, ვინც ღარიბულ გარემოში ცხოვრობენ. ეს განსაკუთრებით ეხებოდათ ერთი დოზით აცრილებს.

წამყვანი მკვლევარი, დოქტორი კლერ სტივსი ამბობს, რომ რისკის ქვეშ მყოფ ადამიანებს „ბუსტერით“ აცრის დროს პრიორიტეტი უნდა მიენიჭოთ.

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მდივნის, საჯიდ ჯავიდის თქმით, ვაქცინებმა ინგლისში 105 000-ზე მეტი ადამიანი სიკვდილისგან იხსნა  და თავიდან აიცილა ინფიცირების 24 მილიონზე მეტი შემთხვევა.